ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი მეღვინეები ქვევრს უბრუნდებიან


აბბა ალავერდელი მიტროპოლი დავითი ალავერდის მონასტრის დედა ქვევრთან
აბბა ალავერდელი მიტროპოლი დავითი ალავერდის მონასტრის დედა ქვევრთან

საქართველომ, როგორც ღვინის სამშობლომ, მსოფლიო ბაზრებზე ადგილის დამკვიდრება ქართული ღვინის უძველესი ტრადიციების აღდგენით უნდა დაიწყოს. ეს აზრი ლეიტმოტივად გასდევდა, ქვევრის ღვინის პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმს, რომელსაც თბილისი და ალავერდის მონასტერი ოთხი დღის განმავლობაში მასპინძლობდნენ.

სიმპოზიუმს მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში მოღვაწე ცნობილი მეღვინეები, მკვლევარები, ეთნოგრაფები, ექსპერტები, ღვინის ტურიზმისა და მარკეტინგის სპეციალისტები დაესწრნენ.

მათ შორის, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნი და ვერონას უნივერსიტეტის პროფესორი რობერტო ფერანინი, სულ 55 უცხოელი სტუმარი მსოფლიოს რვა ქვეყნიდან.

საქართველოში მათი ჩამოყვანა და სიმპოზიუმის ორგანიზება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური დახმარებით მოხერხდა.

ქვევრის ღვინის სიმპოზიუმი ეკონომიკური კეთილდღეობის ინიციატივის პროგრამით (EPI) დაფინანსდა, ამერიკის მთავრობამ ამ პროგრამის ფარგლებში სულ 40 მილიონი დოლარი გამოყო, რომელიც მომავალი ოთხი წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება. სიმპოზიუმის გახსნაზე საქართველოში ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა აღნიშნა

„ამ პროექტით ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს ხელის შუწყოს ქართული ღვინის პოპულარიზებას ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, მეღვინეებს.

ეს პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოში ტურიზმის მხარდაჭერას, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და გაეხნოს საქართველოს, მის უნიკალურ კულტურას, ბუნებას და რა თქმა უნდა ღვინის ისტორიას,“

სიმპოზიუმი თბილისში ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული ღვინის უძველეს ისტორიას გასცნობოდნენ.

ქართლის ტერიტორიაზე, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ყველაზე ძველი ყურძნის წიპწები ძველი წელთაღრიცხვის 7-6 ათასწლეულებით თარიღდება. საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი უძველესი მარანიც, რომელიც ენეოლითის პერიოდს განეკუთნება.

უზარმაზარ მიწით დაფარულ თიხის ქვევრებს ღვინის დასაყენებლად და შესანახად ქართველები სწორედ ამ პერიოდიდან იყენებდნენ.

ქვევრის ღვინის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი დღეს ალავერდის მონასტერია, სადაც 2005 წელს ღვინის კომპანია „ბადაგონთან“ ერთად, მონასტრის მარანს რესტავრაცია ჩაუტარდა.

ალავერდში ყველაზე ძველი ქვევრი მე-12 საუკუნით თარიღდება. უკვე მეხუთე წელია მონასტერი უძველესი ქართული ტრადიციის დაცვით 10 ტონამდე ქვევრის ღვინოს ასხამს. აბბა ალავერდელი მიტროპოლი დავითი ამბობს

„ალავერდის მონასტრის მარანმა აჩვენა რომ ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია ცოცხალია და რა ყველაზე კარგია, გამოჩნდა რომ ხალხი, გლეხები, მეღვინეები, ძალიან გულღიად, დიდი სურვილით და ენთუზიაზმით იწყებენ ამ ძველი ტრადიციის აღორძინებას.

ღვინო უაღრესად ფაქიზი, პროდუქტი და კულტურაა. ქვევრის მეღვინეობას სჭირდება დიდი ცოდნა, რის გარეშეც არც ძველი და არც ახალი საქმე არ იქნება.

როცა მონასტრის მეურნეობები ამ ტრადიციის შენარჩუნებაზე ზრუნავენ და სულ ვსაუბრობთ ამაზე, ვგულისხმობთ მნიშვნელოვან ფაქტს რომ ქვევრის ღვინის ეს კულტურა, არა მარტო ჩვენი საკუთრებაა, ის ეკუთვნის მსოფლიო კულტურათა საგანძურს და ამიტომ, მისი მოვლა, შენარჩუნება და აღორძინება უაღრესად მნიშვნელოვანია.“

გარდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა, ქვევრის ღვინის წარმოება ქართველ მეღვინეებშიც პოპულარული ხდება. ბოლო წლებში, ექსპორტზე სულ უფრო მეტი ქართული ქვევრის ღვინო გადის, მათ შორის ისე ტრადიციულ ღვინის ქვეყნებში, როგორებიც იტალია და საფრანგეთია.

2009 წლიდან, ნაფარეულის ძველი მარნის ქვევრის ღვინო „ტევანი“ იაპონიაშიც იყიდება. ოთხ ქვეყანაში აწარმოებს ქართული ქვევრის ღვინის ექსპორტს, ღვინის კომპანია „ხოხბის ცრემლები“. ეს კომპანია, ამერიკის მოქალაქე, მხატვარ ჯონ უერდემანს ეკუთვნის, რომელიც 1998 წლიდან სიღნაღში ცხოვრობს. ჯონ უერდემანი ამბობს, რომ ამერიკაში ქართული ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.

„ჩემთვის ყველაზე იოლი იყო იმ ადგილებში შესვლა, სადაც ღვინოს ძალიან კარგად იცნობენ, იგივე კალიფორნიაში, ორეგონში, ვაშინგტონის შტატში, აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ამაყობენ რომ ყველაფერი იციან ღვინის შესახებ და მერე მე შევდივარ ამ ბაზრებზე და ვთავაზობ ღვინოს, რომელსაც არ იცნობენ.

არსებობს უნიკალური ჯიშენი, მეთოდიკა, არსებობს ქართული ქვევრის ტრადიცია, რომელიც არის სრულად განსხვავებული დანარჩენი უფრო ცნობილი ჯიშებისგან, როგორებიც არის კაბერნეს, სოვენიონი, შარდონე. და ეს რა თქმა უნდა ძალიან აინტერესებთ.“

ქართული მეღვინეობა უმძიმეს მდგომარეობაში 2006 წლიდან აღმოჩნდა, როცა რუსეთმა ქართული ღვინის ექსპორტი აკრძალა. 2005 წელს, რუსეთის ბაზარზე 65 მილიონი დოლარის ღვინო გაიყიდა, რაც ღვინის მთელი ექსპორტის 87 პროცენტი იყო. ემბარგომ ქართველ მეღვინეებს ახალი ბაზრების მოძიებისკენ უბიძგა, თუმცა ჯერჯერობით, 2005 წლის მაჩვენელზე ღვინის ექსპორტი ვერ გავიდა.

2006 წელს, საქართველომ მსოფლიოში 41 მილიონი დოლარის ღვინო გაყიდა; 2007 წელს - 27 მილიონი დოლარის; 2008 წელს - თითმის 37 მილიონი დოლარის; 2009 წელს - 32 მილიონი დოლარის; 2010 წელს კი თითქმის 40 მილიონის. წელს, პირველი შვიდი თვის მონაცემებით, მსოფლიოში მხოლოდ 28 მილიონი დოლარის ქართული ღვინოა გაყიდული.

XS
SM
MD
LG