ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კომპანიამ "Dozortsev and Sons" „ხვანჭკარა“ და „ქინძმარაული“ დააბრუნა


ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის ქალაქ ელიზაბეტში რეგისტრირებული კომპანია „დოზორცევი და შვილები“, რომელსაც უნიკალური ქართული ღვინოები „ხვანჭკარა“ და „ქინძმარაული“ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში საკუთარ სასაქონლო ნიშნებად ჰქონდა დარეგისტრირებული, იძულებული გახდა ქართულ სასაქონლო ნიშნებზე უარი ეთქვა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „დოზორცევსა და შვილებს“ ამერიკის შესაბამის უწყებაში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტმა უჩივლა. ქართულმა მხარემ სასამართლოში წარადგინა იმის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია, რომ 2006 წელს „დოზორცევმა და შვილებმა“ ყველა უფლება „ხვაჭკარასა“ და „ქინძმარაულზე“ კომპანია „რაჭული ღვინოსგან“ საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით მიიღო.

საბოლოოდ, ამერიკული კომპანიის მეპატრონემ, ოდესელმა ემიგრანტმა ევგენი დოზორცევმა ნებაყოფლობით თქვა უარი სასამართლოში დავის გაგრძელებაზე და „ხვანჭკარა“ და „ქინძმარაული“ საქართველოს დაუბრუნდა. საქპატენტის თავჯდომარე ირაკლი ღვალაძე ამბობს

„ძირითადი მიზეზი, რამაც მიგვიყვანა ამ შედეგამდე არის ის, რომ ჩვენ გვქონდა საკმაოდ მყარი არგუმენტები. თავის დროზე, როცა ამ ნიშნების რეგისტრაცია მოხდა ამერიკაში, იქ იყო სერიოზული დარღვევები.

საბოლოო ჯამში, დოზორცევი იძულებული გახდა დათანხმებოდა ჩვენს წინადადებას. მან დათმო ბრენდი „ხვანჩკარა“, უარი თქვა „ქინძმარაულის“ ბრენდის გამოყენების გაგრძელების უფლებაზე. მას ექნება მხოლოდ დისტრიბუციის უფლება, რომ ქართული კომპანიებისგან შეისყიდოს ეს ბრენდები და საქართველოს სახელმწიფო ამ ბრენდებით ვაჭრობის უფლებას ამერიკაში მას მისცემს.“

საქპატენტისა და ამერიკული კომპანიის ინტერესები წლის დასაწყისში გადაიკვეთა, როცა, საქპატენტში „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებების სახელმწიფო რეესტრის“ მოწესრიგება დაიწყო.

1958 წლის ლისაბონის შეთანხმების საფულძველზე, რეესტრში ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 18 დასახელება შევიდა და ამ ბრენდების დაცვა დაიწყო, როგორც ევროპა-აზიის ისე ამერიკის კონტინენტზეც. სიის ამერიკის საპატენტო ბიუროში წარდგენის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ამერიკაში „ქინძმარაულსა“ და „ხვანჭკარაზე“ყველა უფლებას „დოზორცევი და შვილები“ 2016 წლამდე ფლობდა.

ქართული ღვინის კომპანიების „თელიანი ველისა“ და „მილდიანის“ წარმომადგენლები, შოთა ხობელია და ელდარ მილდიანი ამბობენ, რომ უნიკალურ ქართულ ბრენდებზე უფლებების დაბრუნება, ქართული ღვინის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.

შოთა ხობელია: „ეს ღვინო ჩვენც გაგვქონდა ამერიკაში, სადაც უცნობ, იქაურ კომპანიას ჰქონდა ეს ბრენდები დარეგისტრირებული და ნებისმიერ დროს ამ კომპანიას შეეძლო ეთქვა, რომ „ხვანჭკარა“ არის ჩემი და აეკრძალა ჩვენთვის ექსპორტის უფლება. ეს ძალიან დიდი საშიშროება იყო ყველა ქართველი მწარმოებლისთვის, ვინც ვაწარმოებთ ამ ღვინოს და ვეწევით მის რეალიზაციას ამერიკაში.“

ელდარ მილდიანი: „აქამდე სხვადასხვა ღვინოებს ვაგზავნიდით ამერიკაში, მაგრამ შემკვეთი „ხვანჭკარას“ და „ქინძმარაულს“ არ გვიკვეთავდა. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო, რომ ეს ორი ქართული ბრენდი დოზორცევის იყო. ამ ბრენდების დაბრუნების შემდეგ, ვფიქრობ, რომ შეკვეთები მეწარმეებს გაგვეზრდება.“

წლის დასაწყისში, ქართული ღვინის ბრენდების დარეგისტრირება რუსეთში სცადა, ყიზლიარის კონიაკის ქარხნის შვილობილმა ინსტიტუტმა, რომელიც მოსკოვშია რეგისტრირებული.

რუსეთის საპატენტო უწყებაში გაგზავნილი სიის თანახმად, დაღესტნელებს სურდათ „ხვანჭკარისა“, და „ქინძმარაულის“, ასევე კიდევ ათი ცნობილი ქართული ბრენდის დაპატრონება.

საქპატენტის პროტესტის შემდეგ, რუსპატენტმა ყიზლიარის კონიაკის ქარხნის სკანდალური განაცხადის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნოდარ კერესელიძე ამბობს, რომ ქართული სახელმწიფო თავად გადაწყვეტს რომელ კომპანიას მიანიჭოს ამ თუ იმ ღვინის ექსპორტის უფლება.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ყველა ეს პროდუქტი, გეოგრაფიული აღნიშვნის ყველა პროდუქტი, როგორც ღვინო, ისე სხვა სახის პროდუქტები იყოს სახელმწიფოს მფლობელობაში და მოხდეს მათი დარეგისტრირება ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც სავაჭრო ნიშნების.

ეს საჭიროა იმისთვის, რომ არ ჰქონდეს ამ ბრენდების უკანონო მფლობელობასა და უკანონო გამოყენებას ადგილი. ამიერიდან, მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო გადაწყვეტს, ვის მიანიჭოს ამ ნიშნის გამოყენების უფლება. ნებისმიერ კომპანიას, რომელიც კეთილსინდისიერად საქმიანობს და ასხმას ნამდვილ „ხვანჭკარას“ ექნებათ ამ ნიშნის გამოყენების უფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში.“

2010 წელს, ქართული ღვინის მთელი ექსპორტის (14 ნახევარი მილიონი ბოთლის) 52 პროცენტი უკრაინაზე მოდიოდა, 13 პროცენტი ყაზახეთზე და 9 პროცენტი - ბელორუსიაზე. შემდეგ მოდიოდნენ - პოლონეთი (5%), ლიტვა(4%), ლატვია(3%), აზერბაიჯანი(2%) და ამერიკის შეერთებული შტატები ასევე - 2 პროცენტი.

ყოველწლიურად, საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 400 ათასი ბოთლი ღვინო გააქვს. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, თუ ქართული სახელწიფოსა და მეღვინეების გათვლები სწორი აღმოჩნდა, ვარაუდობენ, რომ უკვე 2012 წელს, ამერიკაში 2 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო უნდა გაიყიდოს.

XS
SM
MD
LG