ტეხასის შტატის კანონი, რომელიც უფლებას აძლევდა ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს, ამერიკა-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეჭვმიტანილი ადამიანები დაეკავებინათ, კვლავ დაიბლოკა. კანონს რესპუბლიკელები უჭერდნენ მხარს.
19 მარტს, კანონის აღსრულება შეერთებული შტატების ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე საათით ადრე, კანონის ძალაში შესვლას მწვანე შუქი ამერიკის უზენაესმა სასამართლომ აუნთო. 9 მოსამართლისგან შემდგარი უზენაესი სასამართლო 6/3-ზე კონსერვატიული უმრავლესობითაა დაკომპლექტებული. სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილებისას, მას ხმა ექვსივე კონსერვატორმა მოსამართლემ მისცა, სამი ლიბერალი მოსამართლე კი წინააღმდეგი იყო.
კანონზე მსჯელობის განახლებას, ახალ ორლეანში მდებარე სააპელაციო სასამართლო დღეს, 20 მარტს გეგმავს. ამ ეტაპზე კანონი დაბლოკილია, ვიდრე სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ტეხასის შტატი გაასაჩივრებს.
სამართლებრივმა დაპირისპირებამ და ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებმა ამერიკის სამხრეთში მდებარე ტეხასის შტატის საზღვარზე კვლავ გაურკვევლობა გამოიწვია. კანონი გასული წლის დეკემბერში ამოქმედდა, როცა მას ხელი შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა გრეგ აბოტმა მოაწერა.
თეთრი სახლის ადმინისტრაციამ, რომელსაც დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უდგას სათავეში, ტეხასში მიღებული კანონი 2024 წლის იანვარში გაასაჩივრა. კანონი, რომელიც ცნობილია აბრევიატურით - SB 4, ძალაში დაახლოებით ორი კვირის წინ, 5 მარტს უნდა შესულიყო.
ბაიდენის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ტეხასში მიღებული კანონი შეერთებული შტატების კონსტიტუციასა და ფედერალურ კანონს არღვევს. მათი არგუმენტაციით, SB 4 გულისხმობს ამერიკის მთავრობის უფლებამოსილებაში ჩარევას და ცდილობს იმიგრაციის დარეგულირებას.
ტეხასის გუბერნატორი გრეგ აბოტი ამბობს, რომ კანონის საჭიროება ბაიდენის ადმინისტრაციის უმოქმედობამ გააჩინა, რომელიც მისი თქმით, ვერ ახერხებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებული, ფედერალური კანონების აღსრულებას. კანონი ტეხასის სამართალდამცავებს ეჭვმიტანილთა დაკავების უფლებას აძლევს, რაც თეთრი სახლის განმარტებით, დიდი ხანია, ფედერალური მთავრობის პრეროგატივაა.
Facebook Forum