ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასის ახალი კანონი - საზღვრის უკანონოდ გადამკვეთ მიგრანტებს დააკავებენ


ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც შტატის სამართალდამცავებს უფლებას მისცემს ამერიკა-მექსიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ეჭვმიტანილები დააკავოს. ეს უფლებამოსილება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფედერალური მთავრობის პრეროგატივა იყო, სავარაუდოდ იურიდიულ დავებს გამოიწვევს.

კანონი, რომელიც მარტიდან ამოქმედდება და ტეხასში უკანონო შესვლას და ხელმეორედ შესვლას სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს, 180 დღიდან 20 წლამდე პატიმრობით დაისჯება. ტეხასის მაგისტრატი მოსამართლეები ვალდებულნი იქნებიან მიგრანტებს მექსიკაში დაბრუნება უბრძანონ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დამრღვევებს 20 წლამდე პატიმრობა დაემუქრება.

ფედერალური კანონის შესაბამისად, საზღვრის უკანონოდ გადამკვეთებს ბრალი უკვე შეიძლება წარედგინოთ, მაგრამ ებოტი ამ კანონის აღუსრულებლობის გამო პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აკრიტიკებს.

ებოტმა ხელი ასევე მოაწერა კანონპროექტს, რომელიც სასაზღვრო კედლის აშენებისა და სხვა ოპერაციებისთვის 1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ეს თანხა დაემატება შტატის 5 მილიარდიან ფონდს, რომელიც საზღვრის დასაცავად უკვე განსაზღვრულია. რესპუბლიკელმა გუბერნატორმა ნოემბრის ბოლოს ხელი მოაწერა და კანონის ძალა მიანიჭა კიდევ ერთ ღონისძიებას, რომელიც ადამიანების საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის სასჯელს ზრდის.

მას შემდეგ, რაც დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წელს თეთრი სახლი დაიკავა, ამერიკა-მექსიკის საზღვრის გადამკვეთი, რეკორდულად ბევრი მიგრანტი დააკავეს. ებოტი და სხვა რესპუბლიკელები ბრალს სდებენ ბაიდენს იმაში, რომ საზღვართან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შემზღუდავი პოლიტიკა გააუქმა.

შეერთებული შტატების კონგრესში რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა თქვეს, რომ თუ ამერიკის საზღვრის უსაფრთხოების დაცვის მკაცრი პირობები არ იქნება გათვალისწინებული, ისინი არ დაამტკიცებენ საგარეო დახმარების პაკეტს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დაფინანსებასაც მოიცავს.

XS
SM
MD
LG