მთავარმა პროკურატურამ 6 მარტს გამოაქვეყნა მუქარის წერილის ასლი, რომელიც თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2018 წლის 1 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, შუამავლის მეშვეობით გაუგზავნა. ასლი გამოძიებას თავად ხაზარაძემ გადასცა, მას შემდეგ რაც ბანკირი მოწმის სახით თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა.
წერილის შინაარსი ასეთია -"დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით და აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს; ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები.
ყველანაირი წინაპირობის გარეშე: 1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან).
2. მ.ხ.-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).
3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი.
ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობის გარეშე; წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის", - ვკითხულობთ წერილში.
ვინაიდან მამუკა ხაზარაძემ გამოძიებას არ მიაწოდა წერილის დედანი და არ დაუსახელა იმ პირის ვინაობა, რომელმაც შსს მინისტრ გახარიასა და ბანკირს შორის შუამავლის როლი ითამაშა, მთავარმა პროკურატურამ 12 საათში ფაქტობრივად, გამოძიების შეწყვეტის გადაწყვიტილება მიიღო. პროკურორმა კოკა კაციტაძემ კერძოდ ბრძანა:
გამოძიება, ამ ეტაპზე, მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას"კოკა კაციტაძე, პროკურორი
„გამოძიება, ამ ეტაპზე, მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო.“
თიბისი ბანკის დამფუძნებლის დაცვის მხარე აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძემ იძულებით მხოლოდ მეორე მოთხოვნა შეასრულა, როცა 2018 წლის 2 ნოემბერს, განაცხადა, რომ „დღეს რევანშიზმის დრო არ არის“ და ამით, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭირა მხარი.
წერილში ნახსენები ტელეკომპანია „პირველი“, ბიზნესმენ ვახტანგ წერეთელს ეკუთვნის. სწორედ ვახტანგ წერეთლის და მამამისის ავთანდილ (ჭუტა) წერეთლის კომპანიები "სამგორი თრეიდი" და "სამგორი M" ფიგურირებენ, 2008 წლის 17 მილიონიან ტრანზაქციაში, რის გამოც პროკურატურამ თიბისი ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით 2018 წელს საქმე აღძრა.
ტელეკომპანია Artarea TV, რომელიც კულტურის თემატიკას აშუქებს და ასევე არის წერილში ნახსენები, თიბისი ბანკის საკუთრებაა.
პროკურატურის გადაწყვეტილებას- აღარ გააგრძელოს გამოძიება მუქარის წერილის ავთენტურობისა და მისი ავტორის დადგენის მიზნით, ძალიან უცნაურს უწოდებს, თიბისი ბანკის დამფუძნებლის ადვოკატი ზვიად კორძაძე:
რას ელოდა პროკურატურა რომ ნოტარიულად დამოწმებული იქნებოდა ეს წერილი? კანცელარიაში გატარებული? თუ ასეთი ფორმით იქნებოდა მოტანილი ამას გამოძიება რაღად სჭირდება?"ზვიად კორძაძე, ადვოკატი
„მამუკა ხაზარაძემ წერილი წარმოადგინა იმ ფორმით, რა ფორმითაც ჰქონდა, რას ელოდა პროკურატურა რომ ნოტარიულად დამოწმებული იქნებოდა ეს წერილი? კანცელარიაში გატარებული? თუ ასეთი ფორმით იქნებოდა მოტანილი, ამას გამოძიება რაღად სჭირდება? გამოძიება სჭირდება ზუსტად ისეთ საკითხებს, რომელიც თავიდანვე არ არის ნათელი. საგამოძიებო მოქმედებები უნდა შეასრულო და აქედან უნდა გამოიტანო დასკვნა. ილუზიები პროკურატურასთან დაკავშირებით არ მქონდა, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, თუ გამოძიება ერთ არასრულ დღე-ღამეში შეწყდებოდა.“
მუქარის წერილის დედანი თიბისი ბანკის დამფუძნებელთა დაცვის მხარის ცნობით დიდ ბრიტანეთში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.
ხაზარაძემ სკანდალური წერილი პირველად 4 მარტს პარლამენტში გამოსვლისას ახსენა და თქვა, რომ შსს მინისტრ გახარიასგან მუქარის შეტყობინება მიიღო, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, მის რეპუტაციას დაანგრევდნენ, როგორც ადგილზე, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ ამით ახსნა ხაზარაძემ თიბისი ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის საქმის ამოწევა, რომელიც ფულის გათეთრებას ეხება.
პროკურატურა, რომელიც მუქარის წერილის ავთენტურობის დადგენაში უძლური აღმოჩნდა, აგრძელებს გამოძიებას 2008 წლის "ფულის გათეთრების საქმეზე". მოწმის სახით, საგამოძიებო უწყებაში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი (2009-2016) გიორგი ქადაგიძეა დაბარებული, მას 2008 წელს, ეროვნული ბანკის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის პოსტი ეკავა.
ჯერჯერობით, უცნობია გამოიკითხა თუ არა დავით ამაღლობელი, რომელიც 2007-2009 წლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო და რეგულატორს, 2008 წლის 17 მილიონიანი ტრანზაქციების კანონთან შესაბამისობა წესით, მისი მუშაობისის პერიოდში უნდა დაედგინა.
Facebook Forum