სახელმწიფო ინსტიტუტის ერთობლივი ქმედებები კონკრეტული ფინანსური დაწესებულების წინააღმდეგ, შერჩევითი მართლმსაჯულების გამოყენების შთაბეჭდილებას ქმნის - ასე ეხმაურებიან თიბისი ბანკის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები.
ერთობლივ განცხადებას ხელს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) სამართლიანი არჩევნები (ISFED) და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI) აწერს.
„კერძო საკუთრების, განსაკუთრებით წარმატებული ფინანსური ორგანიზაციის წინააღმდეგ მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი ამბობს:
გარედან ასე ჩანს, რომ სრულიად სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტები თიბისი ბანკის საქმეში ზედმეტად შეთანხმებულად მოქმედებენ და ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები ეჭვს იწვევს"ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი
„გარედან ასე ჩანს, რომ სრულიად სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტები თიბისი ბანკის საქმეში ზედმეტად შეთანხმებულად მოქმედებენ და ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები ეჭვს იწვევს. ჩვენ გვინდა რომ მეტად გავერკვეთ საკითხში, ვითხოვთ ღია იყოს ინფორმაცია, თუ რა ტიპის გამოძიება მიმდინარეობს და რატომ დაადო ასეთი მძიმე სანქცია ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკს“
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI) აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ პროკურატურის მიერ 10 წლის წინანდელ საქმეზე დაწყებულმა გამოძიებამ, რომელიც ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ეხება და ამავე დროს, სოციალურ ქსელებში, სავარაუდოდ, მმართველ პარტიაზე მომუშავე პროპაგანდისტული გვერდების მხრიდან მათზე თავდასხმამ, საფუძველი დაუდო ლოგიკურ ვარაუდს, რომ მათ მიმართ გამოძიების დაწყებას სხვა მოტივი აქვს“.
„ზემოაღნიშნული ქმედებების მოტივი შესაძლოა იყოს ბიზნეს ან/და პოლიტიკური ინტერესი. ორივე შემთხვევაში ყველაზე მეტ ყურადღებას „თიბისი ჰოლდინგის“ მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე მშენებლობა იპყრობს. ანაკლიის პროექტს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური დანიშნულება აქვს. ეს არის ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ეს ბიზნეს ჯგუფი ახორციელებს“ - წერია TI-ის განცხადებაში.
სოციალურ ქსელ ფეისბუქში თიბისი ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ დაფინანსებულ კამპანიაში რამდენიმე გვერდია ჩართული, მათ შორის: „ორი გვამი უნდათ“, „პოლიტიკური სანაგვე“, „იყავი და გაგეკეთებინა“.
სამართლიანი არჩევნების (ISFED) კვლევის მიხედვით, ეს გვერდები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეიქმნა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მესიჯბოქსით მუშაობდნენ. მედია ექსპერტი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ თიბისი ბანკის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში ორგანიზებული შეტევა მიმდინარეობს:
კერძო ბანკზე ამ პროპაგანდისტული თავდასხმის უკან დიდი ორგანიზებული ძალა დგას და ამიტომაც ეს ძალიან საშიშია. ასეთ სერიოზულ ფინანსურ ინსტიტუტზე შეტევის მიტანა ზოგადად ქვეყნისთვის არის სახიფათო"ლაშა ტუღუში, მედია ექსპერტი
„ნათლად ჩანს, რომ კერძო ბანკზე ამ პროპაგანდისტული თავდასხმის უკან დიდი ორგანიზებული ძალა დგას და ამიტომაც ეს ძალიან საშიშია. ასეთ სერიოზულ ფინანსურ ინსტიტუტზე შეტევის მიტანა ზოგადად ქვეყნისთვის და სტაბილურობისთვის არის სახიფათო“.
მთავარმა პროკურატურამ გამოძიება თიბისის წინააღმდეგ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, საქმე კი 2008 წლის ტრანზაქციებს ეხება, როცა თიბისიმ ქართულ კომპანიებზე: „სამგორი თრეიდსა“ და „სამგორი M“-ზე 17 მილიონი დოლარის სესხი გასცა. გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის - ფულის გათეთრების მუხლით მიმდინარეობს. თიბისი ბანკი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
2019 წლის იანვარში პროკურატურამ ბანკიდან სასამართლოს ნებართვით, დოკუმენტაცია ამოიღო. 13 თებერვალს კი ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გაწვევა მოითხოვა და მათ ხელმოწერის უფლება შეუჩერა. თიბისი ბანკმა თავის დაცვის მიზნით სარჩელით სასამართლოს მიმართა.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი თიბისის საქმეს 22 იანვარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს რაიმე გავლენა ანაკლიაზე, არამედ იმიტომ, რომ ამერიკული მფლობელობაც არის ამ ბანკში“.
Facebook Forum