"თალიბანმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მისი წარმომადგენლები რუსეთში დაგეგმილ მრავალმხრივ შეხვედრას დაესწრებიან, რათა ავღანეთში მიმდინარე მოვლენები განიხილონ. თუმცა, ჯგუფის პრეს-მდივანმა სამშაბათს განმარტა, რომ ამ შეხვედრაზე მათი წევრები არ ჩაერთვებიან ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ზაბიულა მუჯაჰიდმა თქვა, რომ "თალიბანის" მაღალი რანგის დელეგაცია მოსკოვში პარასკევს დაგეგმილი შეხვედრისთვის ყატარიდან გაემგზავრება.
"ეს კონფერენცია არ არის მოლაპარაკება რომელიმე კონკრეტულ მხარესთან, ეს უფრო არის ყოვლისმომცველი დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ ვიპოვოთ მშვიდობიანი გადაწყვეტა ავღანური დილემისათვის და დასრულდეს ამერიკული ოკუპაცია", - განაცხადა ჯგუფის წარმომადგენელმა. ოფიციალურმა მოსკოვმა 12 ქვეყნისა და ისლამისტური დაჯგუფების წარმომადგენლები მრავალმხრივ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ავღანეთისა და შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მონაწილეთა შორის სავარაუდოდ იქნებიან : პაკისტანის, ირანის, ჩინეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის წარმომადგენლები.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც თალიბანის წარმომადგენლები რუსეთის მიერ ავღანეთის შესახებ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრებიან.
Facebook Forum