ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ცეცხლი არც სადღესასწაულო კვირაში წყდება


სირიაში იძულებით ადგილნაცვალ პირთა საერთო რაოდენობა 1.5 მილიონს აღწევს. მათი უმრავლესობა არაადექვატურ საცხოვრებელში ცხოვრობს

სირიაში მთავრობის საბრძოლო თვითმფრინავებმა აჯანყებულებზე კვლავ იერიში მიიტანეს. პარალელურად, საერთაშორისო საზოგადოება სირიის ხელისუფლებას ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს. ბრიტანეთში არსებული სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრის თანახმად, შეტევა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ქალაქ მაარეტ ალ-ნუმანზე განხორციელდა.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია იმასაც აღნიშნავს, რომ არც სირიის ხელისუფლება და არც აჯანყებულთა მხარე არ ცდილობს ცეცხლის შეწყვეტისთვის საჭირო პირობების შექმნას მაშინაც კი, როდესაც მუსლიმთა ეიდ ალ ადჰას დღესასწაული იწყება. სადღესაწაულო კვირაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას მხარს უჭერს საერთაშორისო დესპანი სირიის სამშვიდობო საკითხებში, ლახდარ ბრაჰიმი.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად, დესპანი ბრაჰიმი დამასკოშიც იმყოფებოდა.

სირიის სახელმწიფო ტელევიზია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადაწყვეტილებას ახალი ამნისტიის შესახებ ავრცელებს. ამნისტია ეხება იმ ადამიანებს რომლებმაც 23 ოქტომბრამდე დანაშაული ჩაიდინეს. ამ ფონზე, თურქული მედიის თანახმად, სირიული ნაღმები ჰაიტის პროვინციაში თურქულ სამედიცინო პუნქტს მოხვდა.

მეზობელ სახელმწიფოებში სირიელი ლტოლვილების რიცხვი საგრძნობლად იზრდება. გაერთიანებული ერების დევნილთა უმაღლესი კომისარიატის ანგარიშის საფუძველზე, მარტო ლიბანში სირიიდან წასული 100,000 რეგისტრირებული ლტოლვილია, ხოლო ამ რაოდენობაზე მეტია თურქეთსა და იორდანიაში.

გაეროს დევნილთა სააგენტოს წარმომადგენლის მელისა ფლემინგის განცხადებით:

„როგორც ლიბანში მყოფმა ლტოლვილებმა გვითხრეს მათი საცხოვრებელი არა ლტოლვილთა ბანაკებია არამედ ადგილობრივი სამოსახლოები, ამიტომ ისინი მძიმე ეკონომიკურ პირობებში იმყოფებიან, და უკმაყოფილობას გამოთქვამენ მაღალი ფასების გამო.“

სირიაში იძულებით ადგილნაცვალ პირთა საერთო რაოდენობა კი 1.5 მილიონს აღწევს. მათი უმრავლესობა არაადექვატურ საცხოვრებელში ცხოვრობს, ბევრიც, უსაფრთხოების სიტუაციის გამო, ჰუმანიტარულ დახმარებას ვერ ღებულობს.
XS
SM
MD
LG