როგორ და რატომ დაიძაბა ურთიერთობები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, რა არის მათი გეოპოლიტიკური უთანხმოების მთავარი თემები და მეორდება თუ არა ვიცი ომის ერა? ამ კითხვებით ამერიკის ხმამ ნატოს სარდლობის ყოფილ მეთაურს, ადმირალ ჯეიმს სტავრიდისს მიმართა.
ნატოს სარდლობის ყოფილი მეთაური ევროპაში, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი, რომელმაც ამერიკის საზღვაო ძალებში 30 წელი გაატარა და ნატოში მუშაობის დროს ზედამხედველობდა ოპერაციებს ავღანეთში, ლიბიასა და სირიაში, ამბობს რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოა.
“რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების რყევა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ ჩვენ მომსწრენი გავხდით რამდენიმე უთანხმოების გამწვავების, როგორიც იყო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და ყირიმის ოკუპაცია. დღეს რუსეთთან ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ.”
კითხვაზე როგორ წარმოუდგენია ამ ვითარებიდან გამოსავალი, სტავრიდისი პასუხობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა, როგორც წინააღმდეგობის გაწევას, ასევე თანამშრომლობას უნდა მოიცავდეს:
"რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების რყევა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ ჩვენ მომსწრენი გავხდით რამდენიმე უთანხმოების გამწვავების, როგორიც იყო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და ყირიმის ოკუპაცია."
“ჩემი აზრით არის საკითხები, სადაც რუსეთს უნდა დავუპირისპირდეთ და არის სფეროები, სადაც უნდა ვითანამშრომლოთ მასთან. მაგალითად, რუსეთს უნდა შევეწინააღმდეგოთ უკრაინის ანექსიის საკითხში. ეს საერთაშორისო სამართლის ნათელი დარღვევაა. ასევე უნდა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის მიერ სირიაში ასადის რეჟიმისადმი მხარდაჭერას, რომელიც არაკანონიერი რეჟიმია და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს. ამავდროულად არის სფეროები, სადაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ როგორიცაა კონტრ-ტერორიზმი, ნარკოტიკებთან ბრძოლა. ვფიქრობ დასავლეთის და რუსეთის ურთიერთობის ძალიან ჭრელი სურათი იხატება“
სტავრიდისი ძალებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის მაგალითად სირიას ასახელებს, რომელიც მისი თქმით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობის ყველაზე დიდი კატასტროფაა. მისი თქმით დასავლეთსა და რუსეთს შორის და დაძაბულობას უარყოფითი შედეგი ექნება სხვა ბევრ ტერიტორიაზეც, როგორიცაა მაგალითად უკრაინა და ახლო-აღმოსავლეთი.
სტავრიდისი მიიჩნევს, რომ გაფართოების პოლიტიკა გაგრძელდება, რადგან ალიანსს ღია კარის პოლიტიკა აქვს. მისი თქმით, ვარშავის სამიტზე ალიანსს მონტენეგრო შეუერთდება და ნატო გაფართოვდება, მაგრამ ეს არ იქნება სწრაფი პროცესი.
"უხეშად რომ ვთქვათ, ნატო იმას აკეთებს, რასაც უნდა აკეთებდეს. ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები შეშინებულნი არიან უკრაინაში რუსეთის მოქმედებებით. ალიანსი უკრაინასთან თანამშრომლობს და უკრაინის შეიარღებული ძალების გაძლიერებას ცდილობს, რათა მან რუსეთის შეკავება შეძლოს. ამავდროულად ალიანსი მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმის ნაწილია. ალიანსი ასევე ცდილობს რუსეთთან დიალოგი ჰქონდეს და თავიდან აირიდოს მორიგი ცივი ომი, რაც არავის ინტერესებში არ შედის."