ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენიტესი, კოფი: ნატო საქართველოს აქტიურად უნდა დაეხმაროს


შეერთებული შტატების დედაქალაქში, კერძოდ ანალიტიკურ წრეებში, რუსეთის აგრესიის პრევენციის მიზნით განხილვები გრძელდება. რა სტრატეგია უნდა აირჩიოს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა წევრი და ასევე გაწევრიანების მსურველი ქვეყნების კრემლიდან მომდინარე საფრთხეებისგან დასაცავად.

ევროპის აღმოსავლეთში ნატომ პროპორციული პასუხი უნდა გასცეს რუსეთის აგრესიას და განათავსოს ბაზები რუსეთის მოსაზღვრე, ალიანსის წევრ ქვეყნებში-აცხადებენ ამერიკელი ექსპერტები, გამომდინარე იმ დიდი საფრთხიდან, რომელიც უკრაინის ომის ფონზე არსებობს.

რაც შეეხება საქართველოს, რომელიც ჯერ კიდევ მიისწრაფის ნატოში გაწევრიანებისკენ, ალიანსი მას აქტიურად უნდა დაეხმაროს ინტეგრაციის გზაზე-აცხადებენ ანალიტიკოსები.

ჯორჯ ბენიტესი: ​უხედავად იმისა, რომ მჯერა ნატომ მეხუთე მხოლოდ წევრი სახელმწიფოების დასაცავად უნდა აამოქმედოს, მაინც მიმაჩნია რომ არა-წევრი სახელმწიფოები ალიანსმა მეტად და სრული აქტიურობით უნდა დაიცვას, რათა მათი თავდაცვისუბაირანობა, შიდა სიძლიერე და სუვერენიტეტი განამტკიცოს. ნატოს ინტერესებში შედის ევროპის ყველა სახელმწიფოს დაცვა.

ტრეინინგის ცენტრის ამოქმედება საქართველოში ნატოს ყოფნას კარგად ადასტურებს ამ ქვეყანაში. ეს საკითხი უელსის 2014 წლის სამიტზე გადაწყდა. თანამშრომლობის ასეთი დემონსტრირება ნატოსთვის და თბილისისთვის ძალიან პოზიტიური მოვლენაა

ლუკ კოფი
ლუკ კოფი

ლუკ კოფი, ჰერითიჯის ფონდი: ნატომ ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში წევრი სახელმწიფოების თავდაცვაზე უნდა იზრუნოს 1949 წლის ვაშინგტონის ხელშეკრულების შესაბამისად. არ არის საჭირო ნატომ ყველგან, ყველაფერი აკეთოს, თუმცა წევრები უნდა დაიცვას ჯარით და ტექნიკური საშუალებებით. მაგალითისთვის, ვგულისხმობ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს. თუმცა ნატომ ღია კარის პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვისაც, როგორიცაა საქართველო, რათა საბოლოო ჯამში ის ალიანსში დაუშვან. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ხშირად გაიგონებთ შედარებებს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ. ეს ორი ქვეყანა ამ მხრივ ძალიან განსხვავდება, საქართველო წლებია ინტეგრაციისთვის ემზადება, უკრაინა კი ამ პროცესს ძალიან დაშორებულია. ნატო სწორედ მოიქცა, როცა მონტენეგრო მიიწვია, ახლა ალიანსმა უნდა დაამტკიცოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი საქართველოს გაწევრიანების საკითხშიც. მაგალითისთვის, ამერიკამ და მოკავშირეებმა თბილისს ტანკსაწინააღმდეგო იარაღი უნდა მიაწოდონ. ერთი სიტყვით, ნატომ მკაფიო და ხმამაღალი სიგნალი უნდა გაუგზავნოს საქართველოს და აღნიშნოს რომ ქვეყანა სწორ გზაზეა, დაგეხმარებით და ალიანსში ბოლოსდაბოლოს მიგიღებთ, კარი კვლავაც ღიაა.

ორივე ექსპერტმა, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, რამდენიმე სხვა სპეციალისტთან ერთად ცოტა ხნის წინ ერთობლივი დოკუმენტი წარმოადგინა, სადაც ჩრდილატლანტიკურ ალიანსს და შეერთებული შტატების ხელისუფლებას რუსული აგრესიის შესაკავებლად აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდებენ.

XS
SM
MD
LG