უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში ნატოს კარები პირველად გაიღო. ალიანსში მონტენეგროს მიწვევა იმედს აძლევს ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს. თუმცა ბევრი ექსპერტი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების დაჩქარებას არ ელოდება. მათ შორისაა ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი.
“საქართველოს ვითარება გამორჩეულია, მას ნატოსთან პირდაპირი ურთიერთობა აქვს, მას აქვს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, მას არ აქვს მაპი, მაგრამ აქვს მისი ექვივალენტი - ნატო-საქართველოს კომისია. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ნატოს განსაკუთრებულ აქტიურობას, საქართველოსაც ჰქონდა მცირედი უკუსვლა დემოკრატიის კუთხით. ამავდროულად ნატოს ძალიან აშფოთებს რუსეთი, ჩვენ ვხედავთ “გაუყინავ” კონფლიქტებს. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ალიანსის წევრობის ან მაპის პროცესის დაჩქარებას.”
რუსეთის ფაქტორზე და საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებზე საუბრობს ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარიც, რომლის აზრითაც უკანასკნელ წლებში საქართველო-დასავლეთის ურთიერთობები შესუსტდა.
“მას შემდეგ, რაც ქვეყანა ყოფილმა პრეზიდენტმა - სააკაშვილმა დატოვა, საქართველოს ნატოში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა შემცირდა, შესაძლოა იმიტომ რომ შემცირდა ამერიკასთან კავშირები. ეს ქართველებისთვის სამწუხაროა, ქვეყანას საკმაოდ წარმატებულად მართავენ, მაგრამ რუსეთის მხრიდან დიდი წნეხის ქვეშ არიან, გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით მათ დიდი პრობლემები აქვთ და ყოველთვის ექნებათ. შესაძლოა საქართველოში პოლიტიკა ნატოსთან უფრო მყარი კავშირებისკენ ისევ შეიცვალოს, მაგრამ ეს აქამდე ბევრი მიზეზის გამო არ მომხდარა,” ამბობს ლუგარი.
კითხვაზე ელის თუ არა, რომ საქართველოს მხარს დაუჭერენ საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც ამ საკითხისადმი კრიტიკულად განწყობით არიან ცნობილნი, ვოლკერი პასუხობს, რომ ეს ბევრ რამეზე იქნებაა დამოკიდებული.
ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ნატოს განსაკუთრებულ აქტიურობას, საქართველოსაც ჰქონდა მცირედი უკუსვლა დემოკრატიის კუთხით.კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი
„ეს კონტექსტზეა დამოკიდებული. საფრანგეთის და გერმანიის უარი გარემოებების მიხედვით შეიძლება შეიცვალოს, ამაზე გავლენას იქონიებს საქართველოში სამართლიანი სასამართლო სისტემა, პოლიტიკური დევნის ნაკლებობა, თავისუფალი მედია, მთავრობასა და ოპოზიციას შორის უფრო მოწიფული ურთიერთობა, რაშიც ამჟამად ვფიქრობ ორივე მხარე დამნაშავეა. ასევე მნიშვნელოვანი იქნება რუსეთთან ურთიერთობა, რომელიც ახლა ძალიან აქტიურობს, რა თქმა უნდა არიან ქვეყნები, რომლებსაც ასე ვთქვათ “რუსეთის პროვოცირება” არ სურთ. ეს წარმოდგენა შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით თუ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში და როგორ მოიქცევა რუსეთი.“
იმის მიუხედავად, რომ ვოლკერი უახლოეს მომავალში საქართველოს ნატოში მიწვევას არ ელის, მას მიაჩნია, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს ატლანტიკურ მიზნებთან ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობა დააახლოებს.