2015 წლის დეკემბრის დასაწყისი ოპტიმიზმითაა აღსავსე. ხელისუფლებას ამ დროისთვის ორი მნიშვნელოვანი იმედი აქვს: ერთი ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციაზე დადებით პასუხს ეხება დეკემბრის შუა რიცხვებისთვის, მეორე კი ნატოს ვარშავის სამიტისთვის საქართველოსთან მიმართებით დადებით გადაწყვეტილებას. საუკეთესო შემთხვევაში ეს უნდა იყოს მაპი.
ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავების, წევრობის თუ არა, მაპის მიღების იმედი საქართველოსთვის განსაკუთრებით გააღვივა ნატოს გადაწყვეტილებამ მონტენეგროსთან მიმართებით - ასეთია დღევანდელ დღეს ხელისუფლების რიტორიკა. ალიანსმა მონტენეგროს წარმომადგენლები მის 29 წევრად მიღების შესახებ მოლაპარაკებებზე მიიწვია. მონტენეგროს მსგავსად, ასპირანტი ქვეყნისთვის- საქართველოსთვის ნატოს ამჯერად არანაირი შეთავაზება არ ჰქონია. მიღებულ იქნა მხოლოდ კომუნიკე საქართველოს შესახებ.
თინათინ ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს: „2009 წლის შემდეგ ნატო არ გაფართოებულა და დღეს, 6 წლის შემდეგ, გააქტიურებული, მოძლიერებული რუსეთის პირობებში, შესაძლებელი გახდა, მოწვევა გაეგზავნა მონტენეგტოსთვის. მონტენეგროს გაწევრიანება, რა თქმა უნდა, არის უზარმაზარი ოპტიმიზმის საფუძველი ასპირანტი ქვეყნებისთვის და პირველ რიგში საქართველოსთვის. თავად ამ კომუნიკესაც თუ წავიკითხავთ, ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს აქვს სწორედ დემოკრატიული რეფორმების გატარებაში.“
ამერიკის ხმა ნაციონალური მოძრაობის წევრს, პარლამენტარ დავით დარჩიაშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა: „მონტენეგრო, პრაქტიკულად მიიპატიჟს უკვე წევრობის მოლაპარაკებებზე. საქართველოსადმი ცოტა სხვა დამოკიდებულება იყო გამოხატული. მე მგონია, ზოგადად, ოპტიმიზმი არანაირად არაა დასაკარგი, რაც არ უნდა იყოს. ესაა ისტორიული პროცესი და ისტორიული პროცესების შემთხვევაში ვადები არასდროს არავისთვის არ დაუთქვამთ. არის პრინციპი, ღირებულება, ინეტერესი და მრავალი წინააღმდეგობაა გადასალახი. საქართველოს ხელისუფლებას რაც მოეთხოვება, ამ ეტაპზე, ესაა პირველ რიგში ის, რომ მიხედოს ქვეყნის შიდა დემოკრატიულ ტრანსფორმაციას და ამის საწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადადგას. პრინციპში, მინიშნება ამის თაობაზეკომუნიკეშიც არის.“
საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია ამერიკის ხმასთან აცხადებს, რომ კომუნიკეში საქართველოსთან მიმართებით შენიშვნები ისმის: „ასეთი აგრესიული რუსეთის პრობებში, გაწევრიანებასთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური სირთულეები, რა თქმა უნდა, არის. ამ ვითარებაში რთულია ელოდო გადაწყვეტილებას გაწევრიანების შესახებ. მაგრამ მიუხედავად ამისა, შენ გაქვს საშუალება წაიწიო წინ ამ ინტეგრაციაში. მთავარია, რომ წინსვლის ტენდენცია არ შემოვატრიალოთდა უკანსვლა არ დავიწყოთ. მე ამ კომუნიკეში ვერ ვხედავ წინსვლას, ვერც ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს. მეტიც, მაპის შესახებ ჩანაწერი, რომ ის ჩვენთვის აუცილებელია, არის გარკვეული რეგრესის მაჩვენებელი. ვნახოთ, ეს ყველაფერი როგორ აისახება ვარშავაში, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ გეოპოლიტიკური ვითარების ოპტიმალურ შესაძლებლობებს ჩვენ არ ვიყენებთ. ასევე ჩვენთვის ძალიან უსიამოვნოა კომუნიკეში პირდაპირი მინიშნება შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, რაც აქ ხდება. კომუნიკეში არის ასეთი ფრაზა: „ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე მედია პლურალიზმი და კანონის უზენაესობა არის განსაკუთრებული ყურადღების საგანი.“ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მოვახერხეთ და ჩვენი შიდა პოლიტიკური პრობლემებით ნეგატიური ელემენტი შევიტანეთ კომუნიკეშიც კი. ესაა პირდაპირი გზავნილი, რომ რუსთავი 2-ის საქმემ, გიგი უგულავას საქმემ მოახდინა ნეგატიური გავლენა. ნატოში კი არაა პრობლემა, პრობლემაა ჩვენს როგორც დიპლომატიაში, ასევე შიდა პოლიტიკურ პროცესებში.“
ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. ასევე ითქვა იმის შესახებაც, რომ ნატო საქართველოსთან მიმართებით ახალ ვალდებულებებს აიღებს. კონკრეტულად რა იგულისხმება ახალ ვალდებულებაში, ამის თაობაზე ამ დროისთვის ცნობილი არაა.