ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუქარა ნატოს, გაფრთხილება მოსკოვს და დაპირება თბილისს


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი (მარჯვნივ) და მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ლუკსიჩი (მარცხნივ), 2 დეკემბერი, 2015
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი (მარჯვნივ) და მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ლუკსიჩი (მარცხნივ), 2 დეკემბერი, 2015

მონტენეგროსთვის ნატოს წევრობის შეთავაზების შემდეგ კრემლი ალიანსს საპასუხო მოქმედებით ემუქრება, ამერიკა კი მოსკოვს მოუწოდებს შეცდომა არ დაუშვას. ამ ფონზე, ალიანსი საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს.

ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - 2009 წელს ალბანეთისა და ხორვატიის მიღების შემდეგ პირველად, ალიანსის აღმოსავლეთით მდებარე მონტენეგროს წევრობს შესთავაზა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მონტენეგროს მიერ განხორციელებული რეფორმები და ქვეყნის მიღწევები შეაქო.

ყოფილი იუგოსლავიის ქვეყანამ, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 650 ათასი ადამიანია, ნატოში ოფიციალურად გაწევრიანებამდე კიდევ რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, მათ შორისაა, სამომავლო გეგმებზე ალიანსის წევრებთან ორმხრივი მოლაპარაკების წარმოება.

ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებიდან მხოლოდ სერბეთს - რუსეთის ისტორიულ მოკავშირეს - არ სურს ნატოში გაწევრიანება. მაკედონია და ბოსნია-ჰერცოგოვინას ნატოს წეევრობა სურთ, თუმცა მათი ალიანსში გაერთიანება ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა

ბრიუსელში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, ალიანსმა კომუნიკე გამოსცა, რომელშიც საქართველოს მიმართ მკაფიო გზავნილია ჩადებული. ალიანსი აღიარებს საქართველოს მიღწევებს ნატოსთან დაახლოების პროცესში. “ჩვენ მივესალმებით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა 2008 წლის შემდეგ. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საჭიროა საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად,” ნათქვამია კომუნიკეში.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე აცხადებენ, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მომავალი სამიტისთვის მომზადებასთან დაკავშირებით კი კომუნიკეში ნათქვამია - “ჩვენ შევისწავლით ახალ, პრაქტიკულ გზებს, რათა უფრო ინტენსიური გავხადოთ ძალისხმევა, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის და მზარდი თანამშრომლობის ჩათვლით, მათ შორის, თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში.”

მოსკოვი ყოველთვის ამბობდა, რომ ნატოს უწყვეტ გაფართოებას, ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთით გაფართოებას, რუსეთის მხრიდან, მხოლოდ საპასუხო ზომები შეიძლება მოჰყვეს.
კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი

​გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა ასევე დაადასტურა, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი ღია რჩება და ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ერთ დღეს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადება. მან რუსეთს საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ შეთანხმებები, რომლებსაც ამ რეგიონებთან მოსკოვმა ხელი მოაწერა, “უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.”

გამოწვევები ალიანსში გაწევრიანების გზაზე

საქართველო მონტენეგროსთან შედარებით გაცილებით აქტიურად თანამშრომლობდა ნატოსთან. ამასთან, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრები მომავალში საქართველოს ალიანსში მიღებაზე შეთანხმდნენ. ბუქარესტის სამიტიდან რამდენიმე თვეში რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, ხუთდღიანი ომის შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და ორივე რეგიონში საკუთარი ჯარები განალაგა.

რაც უფრო ძლიერები ვართ, რაც უფრო ძლიერია ჩვენი შეკავება, [მით უფრო ადვილია] პოლიტიკურ დიალოგში ჩართვა. ეს ერთადერთი გზაა.
იენს სტოლტენბერგი

საერთო ღირებულებებთან ერთად, ამ თავდაცვითი სამხედრო ალიანსის ფუნდამენტი თითოეული წევრის უსაფრთხოების გარანტიაა. ნატოს ქარტიის მე-5 მუხლის თანახმად, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმას ნიშნავს. საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი, რომელზეც ალიანსის ზოგიერთ წევრი საუბრობს, რუსეთია. მოსკოვმა, ანექსიის შემდეგ, არა მხოლოდ ყირიმში, არამედ აფხაზეთშიც, შავი ზღვის სანაპიროზე ანტი-საჰაერო და ანტი-საზღვაო სისტემები განალაგა. შესაბამისად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, თუ მისი დაცვა გახდა საჭირო, ალიანსს ხმელთაშუა ზღვიდან და თუნდაც ნატოს წევრი თურქეთიდან, ქვეყნის დაცვა გაუჭირდება. ამასთან, ექსპერტების აზრით, ნატოში გაწევრიანებამდე, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული დავების გადაჭრაც მოუწევს.

რუსეთი საპასუხო რეაქციით იმუქრება

მონტენეგროსთვის წევრობის შეთავაზებისთანავე, კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განცხადება გააკეთა და ნატოს ანგარიშსწორებით დაემუქრა. “მოსკოვი ყოველთვის ამბობდა, რომ ნატოს უწყვეტ გაფართოებას, ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთით გაფართოებას, აღმოსავლეთიდან, რუსეთის მხრიდან, მხოლოდ საპასუხო ზომები შეიძლება მოჰყვეს უსაფრთხოებისა და თანასწორუფლებიანობის ინტერესების დასაცავად,” ნათქვამია პესკოვის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

​ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ დაიძაბა და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სამხედრო აგრესიის ფონზე მნიშვნელოვნად გაუარესდა. 2014 წლის ივნისში, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ალიანსმა ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობა შეაჩერა, რაც მათ შორის “პრაქტიკული თანამშრომლობის” ერთადერთი ოფიციალური მექანიზმი იყო. თუმცა, მხარეებს შორის არაოფიციალური დიალოგი არ შეწყვეტილა.

ნატო რუსეთს გაფართოებაზე ვეტოს უფლებას არ აძლევს

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მონტენეგროს ნატოში მიღება რუსეთისთვის მკაფიო გზავნილია, რომ მოსკოვს ნატოს გაფართოების გადაწყვეტილებაზე ვეტოს ძალა არ აქვს. ამასთან დაკავშირებით სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ “ძლიერი თავდაცვა, შეკავება და პოლიტიკური დიალოგი ურთიეთგამომრიცხავი პრინციპები არ არის.” გენერალურმა მდივანმა აქვე დასძინა, რომ “რაც უფრო ძლიერები ვართ, რაც უფრო ძლიერია ჩვენი შეკავება, [მით უფრო ადვილია] პოლიტიკურ დიალოგში ჩართვა. ეს ერთადერთი გზაა.”

ამ განცხადებაზე საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ თუ ნატო ამის სურვილს გამოთქვამს, კრემლი დიალოგისთვის მზადაა, რადგან “რაღაცაზე სალაპარაკო გვაქვს.” მან ისიც დასძინა, რომ კრემლს ნატოსთან მიმდინარე შეთანხმებების დარღვევებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს. მანამდე კი, ლავროვმა ნატოს გაფართოებას “შეცდომა და პროვოკაცია” უწოდა.

ამერიკის რეაქცია

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით ამერიკის პოზიცია კიდევ ერთხელ გააჟღერა და თქვა, რომ ალიანსის გაფართოება რუსეთისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. კერიმ დასძინა, რომ მონტენეგროს მიმართ “მტრულად განწყობა [რუსეთის მხრიდან] დიდი შეცდომა იქნება.”

სახელმწიფო მდივანმა რუსეთს შეახსენა, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და მისი ერთადერთი დანიშნულება წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

XS
SM
MD
LG