ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მესიჯები მინისტერიალიდან და მოლოდინი თბილისში


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

საკმაოდ დაძაბული საერთაშორისო ვითარების ფონზე ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალი იმართება. ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ბრიუსელში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ.

ორი მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსთვის, რაც ბელგიის დედაქალაქში განიხილებოდა ვიზა ლიბერალიზაციასა და სასამართლო განხილვებს უკავშირდება. დეკემბრის ბოლოს საქართველოსთვის უკვე უნდა იყოს ცნობილი ევროკავშირის შემფასებელი მისიის პასუხი იმის შესახებ, მიიღებს ქვეყანა გამარტივებული ვიზებით ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილების უფლებას თუ არა. საგარეო საქმეთა სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ევროპელი კოლეგებისგან პასუხი დადებითი იქნება.

ამერიკის ხმასთან ბრიუსელიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ ისაუბრა და ორივე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო: „ჩვენ ვიმყოფებით უმნიშვნელოვანეს ფაზაში. ვასრულებთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ დავალებას. უკვე გავისტუმრეთ შემფასებელი მისიები, რომლებიც წინა კვირას იმყოფებოდნენ საქართველოში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამას მოჰყვება საბოლოო დადებითი შეფასება. ქალბატონმა მოგერინიმ, ასევე ბატონმა ჰანმა, სრულიად ღიად დააფიქსირეს, რომ საქართველო წარმატებით მიიწევს წინ. სასამართლო სისტემაც იყო ერთ-ერთი განხილვის საკითხი და რასაკვირველია, ქართული მხარე არის მზად ნებისმიერ დროს უმასპინძლოს ექსპერტებს და განიხილოს მათთან ერთად ნებისმიერი სასამართლო შემთხვევა. მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააფიქსირა, რომ მზად იქნება ქართული მხარე, სურვილის შემთხვევაში, მიიღოს ექსპერტები და მიაწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია დამატებით, რაც ძალიან კარგად იქნა აღქმული“.

იოჰანეს ჰანმა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში განაცხადა: „რა თქმა უნდა, თქვენ [საქართველო] დაინტერესებული ხართ ვიზა-ლიბერალიზაციის მიმდინარე პროცესით. მინდა გითხრათ, რომ სამუშაო მიდის ძალიან კარგად. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ანგარიში იქნება პოზიტიური, თუმცა ჯერ კიდევ დარჩა სამუშაო დავალების ნაწილი შესასრულებელი. არ მინდა დავმალო, რომ ჩვენ შევეხეთ სასამართლო სისტემას და დისკუსიებს მის ირგვლივ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გაღიზიანება. მივესალმები საქართველოს მთავრობის, განსაკუთრებით კი ვიცე-პრემიერის გახსნილობას, რომ დაპატიჟონ ევროპული დელეგაცია საქართველოში ექსპერტებთან ერთად სასამართლოს მუშაობის გასაცნობად. ასევე საინტერესოა ინდივიდუალური საქმეების გაცნობა. მოახლოებული არჩევნების წინ ყველაფერი ნათელი უნდა იყოს“.

სასამართლო განხილვებთან დაკავშირებით კითხვები ისმის, თუმცა საქართველო მზადაა პასუხისთვის ყველა კითხვაზე - ესაა ქართული დელეგაციის პოზიცია, რომელმაც სასამართლო სისტემის უკეთ გაცნობისა და შეფასების მიზნით ევროპული დელეგაცია საქართველოში მოიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს: „გარკვეული შეკითხვები, რომელიც ისმის მუდმივად გარკვეულ სასამართლო განხილვებთან დაკავშირებით, იყო. ჩვენ, ჩვენის მხრივ გამოვთქვით სრული მზადყოფნა, რომ აბსოლუტურად ღია კომუნიკაციაში შევიდეთ ევროკავშირთან და ევროსაბჭოსთან მათ შორის. არაა გამორიცხული, რომ ჩამოვიდეს ჯგუფი საქართველოში, რომელიც კონკრეტულად ამ შეკითხვებით დაინტერესდება და მიიღებს ამომწურავ პასუხებს“.

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თანამშრომლობასნატო-საქართველოს შორის და სასწავლო ცენტრის გახსნას საქართველოში: „ნატომ და საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწიეს პარტნიორობაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ გავხსენით ნატოს საწვრთნელი ცენტრი. ახლა ჩვენ მომავალ წელს და ნატო-საქართველოს შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობას ველით.“

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში დღეს საღამოს მიმდინარეობს. ცოტა მოგვიანებით კი დადეგმილია გენერალური მდივნის პრესკონფერენცია, რომელსაც ქართული სინქრონული თარგმანიც ექნება, ისევე როგორც ბრუსელში, მინისტერიალის ფარგლებში გამართულ სხვა ღონისძიებებს.

XS
SM
MD
LG