ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკ კოფი: საქართველო სწორ გზაზეა, ნატოში გაწევრიანება კი დროის საქმეა


ლუკ კოფი
ლუკ კოფი

ვაშინგტონის ჰერითიჯის ფონდის ექსპერტი ლუკ კოფი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად მაპის მიღება არ სჭირდება. მისი აზრით, ამერიკამ ამის შესახებ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რათა ცრუ მოლოდინები გაიფანტოს და მაპის არქონის პირობებში თბილისის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესია განეიტრალდეს.

საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად დიდი გზა აქვს გასავლელი, თუმცა მაპის მიღება აუცილებელი არ არის, აცხადებს ლუკ კოფი. მისი მტკიცებით, მაპი ხელოვნური წინაღობაა, რის შესახებაც კარგად იციან ოფიციალურ და საექსპერტო წრეებში. ლუკ კოფის აზრით, ნატოს ვარშავის სამიტამდე შეერთებულმა შტატებმა, როგორც საქართველოს მოკავშირემ, მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მაპის გარეშე.

ლუკ კოფი: ვფიქრობ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნატოს სამოქმედო გეგმას. მაპი არის ხელოვნური მექანიზმი. ის ბოლო პერიოდში შემოიღეს, მაგრამ ყველასთვის სავალდებულო ეტაპი არ არის. ნატოში მაპის გარეშე არა ერთი ქვეყანა გაწევრიანდა. ექსპერტებმა ამის შესახებ იციან, ფართო საზოგადოებამ კი - არა. საჭიროა, საქართველოს მოსახლეობამ კარგად გაიგოს, რომ მაპი არ არის გადამწვეტი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ან სხვა მაღალი რანგის პირებმა, ეს მკაფიოდ უნდა თქვან. ის, რომ საქართველოს არ აქვს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა რუსეთი პროპაგანდის ნაწილად, ისევ სათავისოდ იყენებს. ნატოსკენ გრძელი გზაა, მაგრამ სამოქმედო გეგმა, შესაძლებელია, ამ გზის ნაწილი სულაც არ იყოს.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და რა ეტაპზეა ორი ქვეყნის პარტნირობა თავდაცვის სფეროში, ლუკ კოფი გვპასუხობს:

ლუკ კოფი: „ორმხრივი ურთიერთობა წარმატებულია. ქართველებს შეუძლიათ, ამ ურთიერთობით იამაყონ. საქართველო მონდომებულია, თანამშრომლობა გაღრმავდეს. აშშ-ს შეუძლია, უფრო მეტი გააკეთოს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის და მიაწოდოს მას თავდაცვითი იარაღი და ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. მე რომ ქართველი ჯარისკაცი ვიყო, გამიკვირდებოდა, თუკი ზომიერ სირიელ, ან ზომიერ ლიბიელ მეამბოხეს დასავლეთიდან მიწოდებული იარაღით აღჭურვილს დავინახავდი. ეს იმ დროს, როცა ჩვენ მოკავშირე ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც ავღანეთსა და ერაყში ამერიკელების მხარდამხარ იბრძვიან და იღუპებიან და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში ამხელა წვლილი შეაქვთ, ასეთი იარაღი არ აქვთ.

ლუკ კოფი, რომელიც წარსულში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის მრჩეველი იყო, აცხადებს, რომ ნატოს წევრი რამდენიმე სახელმწიფო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ჯერაც არ აღიარებს. ის ვაშინგტონს მოუწოდებს, იმუშაოს ევროპელ პარტნიორებთან, რათა მათ საქართველოში რუსეთის ქმედებები ოკუპაციად შეაფასონ.

ლუკ კოფი: ევროპა ძალიან მრავალფეროვანია. რთულია ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, თუმცა ფაქტია, რომ აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები ტრადიციულად დიდ მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს მიმართ, რასაც ვერ ვიტყვი დასავლეთ ევროპაზე. მინისტრ ხიდაშელის ევროპაში ვიზიტი ევროპელთა კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის მობილიზებას ისახავდა მიზნად, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე. ამ ვიზიტს დადებითი შედეგები ექნება, თუმცა ფაქტია, რომ დასავლეთი ევროპის დიდ ქვეყნებს - დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას - რუსეთთან კომფორტული ურთიერთობები აქვთ და აღარ სურთ, ყირიმის გამო დაწესებული სანქციები უფრო მეტად გაამკაცრონ, ან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერით მოსკოვი უფრო მეტად გააღიზიანონ. შესაბამისად, მათგან განსაკუთრებულ მხარდაჭერას არ უნდა ველოდოთ. ფაქტია, რომ რუსეთი ჯერ ისევ არღვევს 6-პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებას და არც სამხედრო ძალები გაუყვანია ომამდელ პოზიციებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ბოლო მოქმედება დიდი საერთაშორისო ამბების ფონზე წარიმართა-უფრო ზუსტად ეს იყო ერთი კვირით გვიან საბერძნეთის რეფერენდუმიდან და ერთი კვირით ადრე ირანის ბირთვული შეთანხმების გაფორმებამდე ვენაში. ვარშავის სამიტამდე რეალისტურად უნდა განვეწყოთ: ამერიკამ ნათლად უნდა განაცხადოს, რომ მაპის მიღება საქართველოსთვის აუცილებელი არ არის. საქართველოს მოსახლეობაშიც უნდა გამყარდეს რწმენა, რომ ნატოსთან ურთიერთობა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშეც უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს წარმატებით.

ჰერითიჯის ფონდის ექსპერტი ლუკ კოფი თვლის, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის ქმედებების გამო მოსკოვს სანქციები უნდა დაუწესდეს. ლუკ კოფის აზრით, ერთმანეთს უნდა დავუკავშიროთ ის, რაც სამხრეთ ოსეთში და ყირიმში, აგრეთვე აფხაზეთსა და უკრაინის აღმოსავლეთში ხდება. ჰერითიჯის ფონდის ექსპერტი დასძენს, რომ საქართველოში ვიზიტისას სამხრეთი ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მან ნახა საქართველოს ტერიტორიაზე აღმართული რუსული დროშა.

ლუკ კოფი: ეს იყო ხელოვნური საზღვარი ოკუპირებულ საქართველოსა და დანარჩენ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს შორის. ამ რეალობამ ცივი ომისას გერმანიაში არსებული ვითარება გამახსენა. კიდევ ერთხელ, ვარშავის სამიტამდე საქართველოს მთავრობა გამოწვევების წინაშეა. მაგრამ კონკრეტული მიღწევები შესაძლებელია-წარმოიდგინეთ რა კარგი იქნებოდა, თუ ნატოს შეხვედრაზე ერთად იმოგზაურებდნენ არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ოპოზიციის წამყვანი წარმომადგენლები, ასევე მოხდებოდა საზოგადოების მოლოდინების გაფილტვრა. თუ ნატოს შემდეგ სამიტზე გაფართოება მოხდება, ეს მონტენეგრო და მეკედონიას შეეხება. მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ ამ ორი ქვეყნის წარმატება საქართველოს წარმატებადაც უნდა იქნას აღქმული და მიღებული იმის ნიშნად, რომ რუსეთს ვეტო არ აქვს რომელიმე ქვეყნის გაწევრიანებაზე სხვადასხვა ალიანსში.

XS
SM
MD
LG