ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალი ჰოჯესი: რუსეთი ევროპის სტაბილურობისთვის ერთადერთი საფრთხე არ არის


ყირიმის კრიზისი უფრო გრძელვადიანი გამოწვევა იქნება-აცხადებს ბენ ჰოჯესი.

რუსეთმა “ევროპის უსაფრთხოების სურათი” შეცვალა - ამბობს ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი. მისი თქმით, ყირიმის კრიზისი უფრო გრძელვადიანი გამოწვევა იქნება, რადგან რუსეთი ნახევარკუნძულის “დატოვების არანაირ სურვილს არ ამჟღავნებს”.

“ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში გენერალმა ჰოჯესმა, რომელიც ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მეთაურია, იმსჯელა როგორც რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში, ასევე ექსტრემისტული დაჯგუფება - ისლამური სახელმწიფოს საფრთხის შესახებ და ბოლოს - შეერთებული შტატების არმიაში ბრძოლის წინა ხაზზე ჯარისკაცი ქალების დაშვების გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა.

მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობას ევროპაში. "ნატო მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსია. მართალია, ის არ არის სრულყოფილი, მაგრამ თუ მისი არსებობის ისტორიას გადავხედავთ, ის ნამდვილად კოლექტიური თავდაცვის ალიანსია. შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ლიდერობით ალიანსის ერთიანობა და მისი სიმტკიცე უნდა უზრუნველყოს"- აცხადებს გენერალი.

ბენ ჰოჯესის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპის კავშირიც ერთიანი და განუყოფელი იყოს, რაშიც მისი აზრით, დიდ როლს თამაშობს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ახლახან "ის წლის ქალად, თუ წლის ადამიანად გამოაცხადებს, რასაც ნამდვილად იმსახურებს. მისი ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო" - აღნიშნავს ის.

გენერალი ჰოჯესი იმედს გამოთქვამს, რომ ევროპის კავშირი იანვარში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივებს და ამით აჩვენებს მოსკოვს, რომ დასავლეთი უკრაინის პრობლემას მთელი სერიოზულობით ეკიდება. თუმცა, "რუსეთი ევროპის სტაბილურობისთვის ერთადერთი საფრთხე არ არის. დევნილთა კრიზისი, რადიკალური ისლამი - ეს ის საკითხებია, რაც ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება" - ამბობს გენერალი.

დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებით გენერალი ჰოჯესი აცხადებს, რომ აგრესიისგან დასაცავად რამდენიმე ელემენტის ერთიანობაა საჭირო. გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი დაჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლო მისიებს საგრძნობლად ააქტიურებენ. მაგრამ "გულახდილად რომ გითხრათ, ხშირად მარტო სამხედრო ძალა შეიძლება ყველაზე ნაკლებად ეფექტური იყოს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ის სრულ უნისონში არ არის დიპლომატიურ ინფორმაციასთან და ეკონომიკურ ზომებთან" - აღნიშნავს გენერალი და დასძენს, რომ ევროპის კავშირის მთელი პერიმეტრის დასაცავად აუცილებელია ქვეყნებს შორის უსაფრთხოების ინფორმაციის და ბიომეტრიული მონაცემების გაცვლის საშუალება არსებობდეს.

ბენ ჰოჯესი აღფრთოვანებულია და ამაყობს იმით, რომ ამერიკელ ქალებს ბრძოლის წინა ხაზზე მსახურის უფლება მიეცათ. “ვფიქრობ, მალე დადგება ის დრო, როცა ვიტვით: როგორ არ გავაკეთეთ ეს 10 წლის წინ?” - ამბობს ის.

XS
SM
MD
LG