ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ შეცვლის ჰილარი კლინტონს?


ანალიტიკოსები ამ თანამდებობაზე პირველ რიგში ჯონ კერის განიხილავენ

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა 2012 წლის დასაწყისში სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბარაკ ობამას ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში ის თანამდებობის დატოვებას აპირებს.

„მე მანამდე დავრჩები, სანამ პრეზიდენტი ახალ კანდიდატურას არ წამოაყენებს, მაგრამ ამერიკის პოლიტიკის სათავეში 20-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ უნდა ვაღიარო, რომ ძალიან დავიღალე.“

პრეზიდენტ ობამას მეორე ვადით არჩევის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ეს გეგმა არ შეცვლილა. „თქვენ ბევრჯერ გსმენიათ მისი განცხადება და სურვილი თანამდებობის დატოვებისა და ცოტაოდენი დასვენების შემდეგ წიგნის დაწერის შესახებ,“ - განმარტა ნულანდმა.

თავისთავად ჩნდება კითხვა კლინტონის შემცვლელის თაობაზე. ანალიტიკოსები ამ თანამდებობაზე, პირველ რიგში, ჯონ კერის განიხილავენ, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ამჟამად კი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს თავმჯდომარეობს.

ჯონ კერი პრეზიდნტ ობამას მიტ რომნისთან გამართული დებატებისთვის მომზადებაში ეხმარებოდა. მაგრამ მას სენატორის სკამმა შესაძლოა მაღალი თანამდებობის დაკავებაში შეუშალოს ხელი, რადგან პარტიის ლიდერები ერიდებიან სენატში ადგილის დაკარგვას, როდესაც იქ მხოლოდ მცირე უპირატესობა გააჩნიათ.

ამ ადგილზე განიხილება გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენლის სუზან რაისის კანდიდატურაც, რომელსაც ამ ორგანიზაციაში მოღვაწეობის განმავლობაში საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. თუმცა, მისი დასახელება რესპუბლიკელთა მკაცრ კრიტიკას გამოიწვევს, რადგან ლიბიაში შეერთებული შტატების საკონსულოზე მოწყობილი თავდასხმის დროს ობამას ადმინისტრაციას პასიურობაში ადანაშაულებენ. ამ თავდასხმის დროს ოთხი ამერიკელი, მათ შორის ლიბიაში შეერთებული შტატების ელჩი ქრის სტივენსი დაიღუპა.

სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების მრჩევლის ტომ დონილონის კანდიდატურაც განიხილება. ამ პოსტზე წარსულში ისეთი ცნობილი დიპლომატები მუშაობდნენ, როგორებიც არიან ჰენრი კისინჯერი, კოლინ პაუელი და კონდოლიზა რაისი.

დონილონი ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში ნატოს გაფართოების საკითხებზე მუშაობდა და დეიტონის ხელშეკრულების დადებაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელმაც იუგოსლავიაში ომის დასრულებას შეუწყო ხელი.

როგორც ვაშინგტონის კატოს ინსტიტუტის ანალიტიკოსი, მალოუ ინოსენტი ამბობს: „ის აქტიურად არის ჩართული პრეზიდენტ ობამას ანტი-ტერორისტულ პოლიტიკაში და დიდი გავლენა აქვს მასზე, თუმცა, მისი ნაკლი შეიძლება ის იყოს, რომ არ არის ისეთი პოპულარული ადამიანი როგორიც ჰილარი კლინტონია.“

ზუსტად არავინ იცის, როდის გადადგება ჰილარი კლინტონი თანამდებობიდან, მაგრამ შესაძლოა მისი მემკვიდრე პრეზიდენტმა ობამამ ამ წლის ბოლომდე დაასახელოს, რათა იანვარში ფიცის დადების დროს ქვეყანას უკვე ახალი სახელმწიფო მდივანი ჰყავდეს.
XS
SM
MD
LG