ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დოჰაში ასადის ოპოზიციას ელიან


ჰილარი კლინტონი სირიის ოპოზიციის შესახებ საუბრობს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, სირიის ნაციონალური საბჭო აღარ შეიძლება განიხილებოდეს როგორც წამყვანი ოპოზიციური ძალა პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ ბრძოლაში. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ სტერნსი არკვევდა.

ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ მომავალ კვირას დოჰაში ასადის ოპოზიციის შეხვედრაზე ამბოხებულთა ახალი ლიდერები გამოიკვეთებიან.

ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ სირიას გაერთიანებული ოპოზიცია სჭირდება, რომელიც სირიაში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს დაიცავს და წინააღმდეგობას გაუწევს იმ ექსტრემისტებს, რომლებსაც სურთ, რომ „ლეგიტიმური რევოლუცია რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ“ თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ.

კლინტონმა განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციას სირიის ნაციონალური საბჭოსი აღარ სჯერა. „ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ ნაციონალური საბჭო აღარ შეიძლება განიხილებოდეს ოპოზიციის მმართველად. ისინი შეიძლება დიდი ოპოზიციის ნაწილად იქცნენ. თუმცა, ოპოზიციაში აუცილებლად უნდა იყვნენ ადამიანები როგორც სირიის შიგნიდან, ასევე სხვებიც, რომლებსაც ლეგიტიმური ხმა ექნებათ.“

შეერთებულ შტატებს სურს, რომ სირიის ოპოზიციის დიდ გაერთიანებაში წარმოდგენილი იყვნენ ეთნიკური უმცირესობები, კერძოდ, ალავიტები და ქურთები. „ეს არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, რომელიც შედგება ისეთი ხალხისგან ვისაც კარგი თვისებები აქვს, მაგრამ სირიაში 20, 30, 40 წელი არ უცხოვრია. აქ უნდა იყოს ის ხალხი წარმოდგენილი ვინც დღეს წინა ხაზზე იბრძვის და კვდება, ხვალინდელი მომავლისთვის,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

კლინტონმა აღნიშნული განცხადება ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გააკეთა. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა თავის რეკომენდაციაში დაასახელა ის პირები და ორგანიზაციები, ვინც მონაწილეობა უნდა მიიღოს მომავალ კვირას დოჰაში გამართულ შეხვედრაში.

ამავდროულად, ვაშინგტონი განაგრძობს გაეროს და არაბული ლიგის სპეციალური სამშვიდობო დესპანის, ლახდარ ბრაჰიმის მხარდაჭერას სირიაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით. თუმცა, მისივე თქმით, რუსეთის და ჩინეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში სამჯერ ვეტოს გამოყენება პოლიტიკური დარეგულირების შანსებს ამცირებს.

კლინტონმა განაცხადა, რომ ბრაჰიმის შუამავლობით მიღწეული დროებითი ზავის დარღვევა, ვაშინგტონისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც ასადის მთავრობა სირიელი ხალხის წინააღმდეგ იარაღის გამოყენებას
განაგრძობს.
XS
SM
MD
LG