ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსმოსში ისტორიული გაფრენა უამინდობის გამო გადაიდო


კოსმოსში ისტორიული გაშვება უამინდობის გამო გადაიდო. კერძო კომპანია „სპეის- იქსისა“ და ნასას ერთობლივი ფრენა, რომელიც ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან უნდა განხორციელებულიყო, ქარის გამო, სავარაუდოდ, შაბათამდე გადაიდო.

"სპეის-იქსმა" და ნასამ გაშვების დროებით გადადების გადაწყვეტილება რაკეტის გაფრენამდე 17 წუთით ადრე მიიღეს. კომპანია აცხადებს, რომ შემდეგი გაფრენისთვის ხელსაყრელი პირობები შაბათს, 30 მაისს, ფლორიდის დროით 15:22 წუთზე იქნება.

ნასას რეგულაციების თანახმად, რაკეტის გაშვება სხვა დროისთვის უნდა გადაიდოს იმ შემთხვევაში, თუ დედამიწის ზედაპირზე ქარის სიჩქარე 48 კმ/სთ-ს აღემატება.

ასტრონავტების კოსმოსში გაშვება კოსმოსის ათვისებაში ისტორიული იქნება, რადგან მასში კერძო კომპანია პირველად მონაწილეობს. "სპეის-იქსის" რაკეტაზე კაფსულა "დრაკონია" განთავსებული, რომელიც ასტრონავტებს დაგ ჰარლის და ბობ ბენკენს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მიიყვანს.

ამასთან, ეს თითქმის 10 წლის განმავლობაში ასტრონავტების მონაწილეობით პირველი კოსმოსური მისია იქნება, რომელის ამერიკისდან, ამერიკული რაკეტით და ამერიკული შატლით განხორციელდება.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს რაკეტის გაშვებაზე დასასწრებად ფლორიდაში იყო ჩასული.

ყველა იმ საუკეთესო ინსტრუმენტისა თუ მოწყობილობის გამოყენებითაც კი, რაც მათ აქვთ, ჩიკაგოში, მიჩიგანის ტბის მახლობლად მდებარე ადლერის პლანეტარიუმის ასტრონომიის დირექტორი გეზა გიუკი ამბობს, რომ დედამიწიდან კოსმოსის "დანახვისა და გაგების" შესაძლებლობები შეზღუდულია. თუნდაც იმ ურბანული განათების გამო, რომელიც მათ ხელს უშლის. ამიტომ მათი ინფორმაციის დიდი ნაწილი სწორედ აღჭურვილობასა და ექსპერიმენტებს ეფუძნება. ამგვარად ისინი მეტს იგებენ, როგორც კოსმოსზე, ისე დედამიწაზე, რომელსაც ზემოდან აკვირდებიან.


როდესაც კოსმოსური ხომალდი ატლანტისი 2011 წლის ივლისში დედამიწაზე დაეშვა, ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ამერიკას ახალი მისიის მოსამზადებლად 8 წელზე მეტი დასჭირდებოდა. თუმცა ახლა, როცა ასტრონავტები ბენკენი და ჰარლი სტარტს აიღებენ, ორბიტას მიაღწევენ და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში აღმოჩნდებიან, ეს ისტორიული, გარდამტეხი მოვლენა იქნება ამერიკის კოსმოსურ პროგრამაშიც, რომელიც ამჟამად ნასას მიერ მხოლოდ ნაწილობრივაა დაფინანსებული. "ნასა არ ყიდულობს, ფლობს ან მართავს მას, ჩვენ მომხმარებლები, სერვისის შემსყიდველები ვიქნებით", - ამბობს ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსის ადმინისტრაციის კომერციული პროგრამის წარმომადგენელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG