ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უწყებებზე გასულ კვირას მომხდარი კიბერთავდასხმის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა წვდომა მოიპოვეს ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ათობით თანამშრომლის, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების ელექტრონულ ფოსტაზე.
როგორც სენატორი რონ ვაიდენი განმარტავს, ჰაკერული თავდასხმა მასშტაბური იყო თუმცა ამ დრომდე არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ჰაკერებმა შეძლეს წვდომა მოეპოვებინათ ამერიკელი გადასახადების გადამხდელების პირად მონაცემებზე. აქვე სენატორი განმარტავს, რომ ამ დრომდე არ არსებობს ზუსტი ცნობა იმისა, თუ რა დოკუმენტებზე მიიღეს წვდომა ჰაკერებმა.
ხაზინის დეპარტამენტის მდივანი სტივენ მნუჩინი ამბობს, რომ თავდასხმა მასშტაბური იყო თუმცა დეპარტამენტს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგა.
"მაიკროსოფტის" განცხადებით, ჰაკერული თავდასხმა 40-ზე მეტ სამთავრობო სააგენტოზე განხორციელდა.
ჰაკერებმა ფედერალურ უწყებებში შესაღწევად ტექნოლოგიური კომპანია "სოლარუინდსი" (SolarWinds Corp.) გამოიყენეს. კომპანიის განცხადებით, 18 000-მა თანამშრომელმა სისტემის განახლების საეჭვო პროგრამა ჩამოტვირთა, რომლითაც ჰაკერებმა მათ მონაცემთა ბაზაში შეაღწიეს და მთელი 9 თვის განმავლობაში ჰქონდათ წვდომა.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს და გენერალური პროკურორის უილიამ ბარის განცხადებით, ჰაკერულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია. რუსეთი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
Facebook Forum