შეერთებული შტატების მთავრობამ ოთხშაბათს დაადასტურა, რომ მის წინააღმდეგ ჰაკერების თავდასხმის მთელი კამპანია დაიწყო. ფედერალური მთავრობის მთელ რიგ უწყებებზე ელექტრონული იერიში "საგულისხმოა და კვლავ მიმდინარეობს" - აცხადებენ გამომძიებლები.
წინასწარი მონაცემებით, ჰაკერები რუსეთის მთავრობაზე მუშაობენ, თუმცა მოსკოვი ამ ინფორმაციას უარყოფს. სააგენტო "როიტერის" მიერ კვირის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, ისინი უკვე რამდენიმე ხანია აკონტროლებენ შეერთებული შტატების ხაზინის და ვაჭრობის დეპარტამენტის ელექტრონულ მიმოწერას. სანდო წყაროების ინფორმაციაზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ აისბერგის წვერია.
"ეს მიმდინარე სიტუაციაა, და ვიდრე [ჰაკერული თავდასხმის] კამპანიის მთელ მასშტაბს გავეცნობით, ვიცით ის, რომ კომპრომეტირებულია ფედერალური მთავრობის ქსელები" - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც სამი უწყება ავრცელებს. ესენია: აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI), კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო (CISA) და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი (ODNI).
ჰაკერებმა ფედერალურ უწყებებში შესაღწევად ტექნოლოგიური კომპანია "სოლარუინდსი" (SolarWinds Corp.) გამოიყენეს. კომპანიის განცხადებით, 18 000-მა თანამშრომელმა სისტემის განახლების საეჭვო პროგრამა ჩამოტვირთა, რომლითაც ჰაკერებმა მათ მონაცემთა ბაზაში შეაღწიეს და მთელი 9 თვის განმავლობაში ჰქონდათ წვდომა.
ბოლო თვეებია, გამოძიების ფედერალური ბიურო, კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი, მომხდარს იძიებენ - ნათქვამია ამ უწყებათა მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ობრიენმა, მომხდარის გამო, ევროპაში ვიზიტი ადრე შეწყვიტა და სამშაბათს ვაშინგტონში დაბრუნდა.
Facebook Forum