ორშაბათს, შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი და ათასობით ამერიკული ბიზნესი ფართომასშტაბიანი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა. ეჭვი რუსეთის მთავრობის მიერ მართულ ჰაკერთა ჯგუფზეა, თუმცა მოსკოვი მომხდართან კავშირს უარყოფს.
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი პასუხისმგებელია როგორც ამერიკის საზღვრების უსაფრთხოებაზე, ასევე ქვეყნის კიბერუსაფრთხოებაზე. ახლახან მას კოვიდ-19-ის ვაქცინების დისტრიბუციის ფუნქციაც დაემატა.
ჰაკერები, როგორც ჩანს, ამ დეპარტამენტის თანამშრომელთა ელექტრონულ მიმოწერას აკონტროლებდნენ. ორშაბათს, ეს ინფორმაცია სააგენტო "როიტერს" საქმესთან დაახლოებულმა სამმა პირმა დაუდასტურა.
ინფორმაცია თავდასხმის შესახებ პირველად 13 დეკემბერს გამოქვეყნდა. მაშინ საუბარი იყო შეერთებული შტატების ხაზინაზე და ვაჭრობის დეპარტამენტზე.
"ნიუ-იორკ თაიმსში" ორშაბათს საღამოს გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, შეჭრა ასევე მოხდა შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ნაწილში. "ვაშინგტონ პოსტი" კი წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი და ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების სისტემებიც გატეხეს.
ბოლო სამიდან, არცერთი ფედერალური უწყება მომხდართან დაკავშირებით, ოფიციალურ განმარტებას ჯერ არ აქვეყნებს. "ოპერირების უსაფრთხოების მიზეზიდან გამომდინარე, თავდაცვის დეპარტამენტი კომენტარს არ აკეთებს სპეციფიკურ საპასუხო ზომებზე და არ აკონკრეტებს სისტემებს, რომლებზეც შესაძლოა [თავდასხმას] გავლენა ჰქონოდა," - აცხადებს პენტაგონის პრესსპიკერი.
ჰაკერებმა ფედერალურ უწყებებში შესაღწევად ტექნოლოგიური კომპანია "სოლარუინდსი" გამოიყენეს. კომპანიის განცხადებით, 18 000-მა თანამშრომელმა ჩამოტვირთა სისტემის განახლების საეჭვო პროგრამა, რომლითაც ჰაკერებმა მათ მონაცემთა ბაზაში შეაღწიეს და მასზე მთელი 9 თვის მანძილზე ჰქონდათ წვდომა.
შეერთებულმა შტატებმა საგანგებო გაფრთხილება კვირას გამოსცა. სამთავრობო უწყებებს უბრძანეს, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, არ გაიმოიყენონ "სოლარუინდის" პროგრამები.
Facebook Forum