ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაქცინის დამატებითი დოზა საჭირო არ არის, ამბობს მეცნიერთა ნაწილი


ვაქცინებში ექსპერტიზის მქონე საერთაშორისო სპეციალისტთა ჯგუფი მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის ე.წ. ბუსტერების წინააღმდეგ გამოდის. ბუსტერი კოვიდ-19-ის ვაქცინის დამატებით, გამაძლიერებელ დოზას აღნიშნავს. რიგ შემთხვევაში, როგორიცაა "ფაიზერი", "მოდერნა" და სხვა ვაქცინები, ეს მესამე დოზაა, "ჯონსონი და ჯონსონისთვის" კი - მეორე.

დასავლეთის რამდენიმე წამყვან ქვეყანაში, როგორიცაა შეერთებული შტატები და საფრანგეთი, მთავრობები გამაძლიერებელი დოზის ადმინისტრაციას ემხრობიან. კორონავირუსის დელტა ვარიანტის სწრაფმა გავრცელებამ მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირების მკვეთრი ზრდა და შეზღუდვების ახალი რაუნდები გამოიწვია.

სამეცნიერო ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნებულ წერილში, სპეციალისტები ხაზს უსვამენ ბოლო კვლევებით ვაქცინების მაღალი ეფექტურობის დადასტურებას, განსაკუთრებით - ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის წინააღმდეგ. ვაქცინები ამ ეტაპზე ვირუსის ყველაზე გადამდები, დელტა ვარიანტის მიმართაც ეფექტურია.

თუმცა, წერილის ავტორები იქვე აცხადებენ, რომ ისინი ემხრობიან ვაქცინების მოდიფიკაციის გზით დამზადებულ გამაძლიერებელ ბუსტერებს. საუბარია სახეცვლილ ვაქცინებზე, რომლებიც კონკრეტულ ვარიანტზე იქნება მორგებული და არ იქნება უკვე ადმინისტრირებული ვაქცინის მეორე ან მესამე დამატებითი დოზა.

მეორე და მესამე დოზის მომხრეები არგუმენტად ისრაელში ჩატარებულ კვლევებს იშველიებენ. ისრაელი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო და მონაცემების მძლავრი ელექტრონული ბაზაც შექმნა, რომელიც დაკვირვების და ანალიზის საშუალებას რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით იძლევა.

ისრაელის კვლევების მიხედვით, ორდოზიანი "ფაიზერის" ვაქცინა დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად სუსტდება, განსაკუთრებით - ხანდაზმულ ადამიანებში, რომლებიც კოვიდ-19-ზე წლის დასაწყისში აიცრნენ. ამ მონაცემებზე დაფუძნებით, ისრაელმა 50 წლის ზევით მოსახლეობის მესამე დოზით აცრა დაიწყო.

წერილს ბევრი მეცნიერი აწერს ხელს. მათ შორის არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი მეცნიერები ანა-მარია ჰენაო-რესტრეპო და სომია სვამინატანი. წერილს ასევე ხელს აწერენ აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციის ვაქცინების განხილვის ოფისის წამყვანი თანამშრომლები: მარიონ გრუბერი და ფილ კრაუზე. ვაქცინებში ექსპერტიზის მქონე ეს ორი ვეტერანი ექიმი პოსტის დატოვებას წლის ბოლომდე გეგმავენ.

"ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით, გრუბერს და კრაუზეს თეთრ სახლთან პრინციპული უთანხმოება აქვთ. საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა კოვიდ-19-თან დაკავშირებით გაკეთებულ ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში თქვა, რომ მომავალი თვიდან ამერიკაში ბუსტერების ადმინისტრირება მასობრივად დაიწყებოდა. ბაიდენის ადმინისტრაციამ განცხადება ისე გააკეთა, რომ სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციას მანამდე არ ჰქონია საშუალება მონაცემები განეხილა და რეკომენდაცია გაეცა.

ამ ეტაპზე კოვიდ-19-ის დამატებითი გამაძლიერებელი დოზები მხოლოდ სუსტი იმუნიტეტის მქონე ამერიკელებისთვის არის დამტკიცებული. გადაწყვეტილება მარეგულირებლებმა აგვისტოში მიიღეს.

აგვისტოშივე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განვითარებულ ქვეყნებს მოუწოდა, სექტემბრამდე თავი შეეკავებინათ ბუსტერების დამტკიცებისგან, რადგან მთელ რიგ განვითარებად ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპები მოიკოჭლებდა. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა კიდევ ერთხელ სთხოვა მოწინავე სახელმწიფოებს, ვაქცინები ღარიბი ქვეყნებისთვის გადაენაწილებინათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ბუსტერებზე განცხადებას ხვალ გააკეთებს. ლონდონი ოთხშაბათს გეგმავს ნება დართოს 50 წლის ზევით ასაკის ბრიტანელებს კოვიდ-19-ის ვაქცინის დამატებითი, გამაძლიერებელი დოზა მიიღონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG