ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ვიცით "მიუ" ვარიანტზე


კორონავირუსის "მიუ" ვარიანტი პირველად კოლუმბიაში 2021 წლის იანვარში აღმოაჩინეს. მას შემდეგ ის ვირუსის იზოლირებულ აფეთქებებს იწვევს სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში თუ შეერთებულ შტატებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვარიანტს სახელი გასული თვის ბოლოს დაარქვა და მონაცემების შესწავლის შემდეგ, მას მისცა "ინტერესის ვარიანტის" კლასიფიკაცია. სარს-კოვ-2-ის შედარებით ახალი ვარიანტი შესაძლოა ვაქცინებისადმი რეზისტენტულობის ნიშნებსაც ავლენდეს.

"მიუ ვარიანტს მუტაციების ისეთი კომბინაცია აქვს, რაც იმუნიტეტისგან თავის დასხლტომაზე მიანიშნებს" - ნათქვამია ჯანმოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თუმცა, გაეროს ჯანდაცვის უწყება იქვე უსვამს ხაზს, რომ კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ეს საბოლოოდ დადასტურებული არ არის.

"მიუს" სამეცნიერო სახელია B.1.621. მსოფლიოს მასშტაბით მიუ ვარიანტის პრევალენტობა (ფართო გავრცელება) 0.1%-ს არ აღემატება. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ კოლუმბიაში და ეკვადორში მისი გავრცელება "გამუდმებით იზრდება". კოლუმბიაში კოვიდ-19-ით დაავადებულთა 39% სწორედ მიუ ვარიანტითაა ინფიცირებული, ეკვადრორში კი - 13 %. ჯანმო "მიუს" ჯერჯერობით არ აძლევს "შეშფოთების ვარიანტის" კლასიფიკაციას. საქმე იმაშია, რომ ვირუსი გამუდმებით განიცდის მუტაციას და მისი ზოგიერთი ვარიანტი საერთოდ ქრება.

ყველაზე მეტად დღეისთვის ვრცელდება კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი. ის ყველგან დომინანტური ხდება, სადაც კი გავრცელდა, მსოფლიოს თითქმის 174-ივე ქვეყანაში და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, სადაც ის პირველად იპოვეს.

"მიუ" ვარიანტს ევროპის ათზე მეტ ქვეყანაში აკვირდებიან. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ აღნიშნული ვარიანტი ევროპაში "ბოლო დროს დიდი გავრცელებით არ გამოირჩევა".

ინგლისის ჯანდაცვის სააგენტოს მიერ გასულ თვეში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, "მიუ" ვარიანტი შესაძლოა ვაქცინებისადმი ისეთივე რეზისტენტულობით გამოირჩეოდეს, როგორც "ბეტა" ვარიანტი, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში იპოვეს. თუმცა, ბრიტანელი მეცნიერები თვლიან, რომ მათ საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად, დამატებითი მონაცემები დასჭირდებათ.

ამერიკის ჯანდაცვა "მიუ" ვარიანტს "აკვირდება, მაგრამ მას არ თვლის გადაუდებელ საფრთხედ". ასეთი განცხადება გააკეთა ამ ვარიტანთან დაკავშირებით ექიმმა ენტონი ფაუჩიმ, შეერთებული შტატების წამყვანმა ინფექციონისტმა. ის თეთრი სახლის უფროსი მრჩეველია სამედიცინო მიმართულებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG