ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მესამე დოზა "ფუფუნება" არ არის - ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის განმარტება


ჰანს კლუგე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი
ჰანს კლუგე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი

კოვიდ-19-ზე აცრის მესამე, გამაძლიერებელი დოზა, ე.წ. ბუსტერი "ფუფუნების საგანი არ გახლავთ ". ეს კორონავირუსის მიმართ მოსახლეობის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილის დაცვის გზაა - განაცხადა ორშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.

ცოტა ხნის წინ ჯანმოს ხელმძღვანელები ამბობდნენ, რომ ბუსტერის საჭიროებას ვერ ხედავდნენ. გაეროს ჯანდაცვის სააგენტო განვითარებულ ქვეყნებს, მათ ვისაც ვაქცინაციაზე ხელი მეტად მიუწვდება, გამუდმებით მოუწოდებდა, რომ უკვე აცრილების დაცვის გაძლიერებას, აჯობებდა კოვიდ-19-ის ვაქცინები ღარიბი ქვეყნებისთვის გადაენაწილებინათ. მიზანი მდიდარ და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს შორის პანდემიით შექმნილი მორიგი უთანასწორო სიტუაციის დაბალანსება და ამ გზით, გლობალური პანდემიის უკეთ მართვა იყო.

თუმცა, დღეს ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე, ჰანს კლუგემ განაცხადა: "ვაქცინის მესამე დოზა არ გახლავთ ფუფუნების საგანი, რომელსაც ართმევენ მას, ვისაც ჯერ პირველი აცრა არ გაუკეთებია. ეს ძირითადად, ყველაზე მგრძნობიარე ნაწილის დაცვის გზაა". კლუგე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ევროპის რეგიონს ხელმძღვანელობს.

მან იქვე აღნიშნა, რომ გამაძლიერებელ დოზასთან დაკავშირებით, მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგან "ჯერ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს", მისი გამოყენების აუცილებლობის თაობაზე. "მაგრამ, უფრო და უფრო მეტი კვლევა აჩვენებს, რომ მესამე დოზა [ვირუსის მიმართ] მგრძნობიარე ადამიანებს საფრთხისგან იცავს და ამას ჩვენს რეგიონში სულ უფრო მეტი ქვეყანა აკეთებს" - აცხადებს ჰანს კლუგე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, ჭარბი რაოდენობის ვაქცინა ღარიბ ქვეყნებს გადაუნაწილონ. მან განსაკუთრებით გამოყო აღმოსავლეთ ევროპის და აფრიკის სახელმწიფოთა საჭიროებები. "ღრმად შემაშფოთებელია" ბოლო ორი კვირის მანძილზე კოვიდ-19-ის გავრცელების მაჩვენებლები ევროპაში და ამას დამატებული ვაქცინაციის ძალიან დაბალი დონე ზოგ ქვეყანაში - თქვა კლუგემ.


Facebook Forum

XS
SM
MD
LG