ამერიკის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს ნიუ-ჰემფშირში ორშაბათს ბოლო სრული დღე აქვთ კამპანიისთვის. მათ შორის აიოვის კოკუსის ლიდრები საუთ ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტეჯეჯი და ბერნი სანდერსიც არიან.
ნიუ-ჰემფშირში სამშაბათს პრაიმერი უნდა გაიმართოს. ბუტეჯეჯი და სანდერსი გასულ კვირას მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას და მასზე ყურადღების გამახვილებას ცდილობენ. მათ 9 მეტოქეს კი, მათ შორის სენატორ ელიზაბეტ უორენსა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს, პოზიციების გაძლიერებაზე უხდებათ ზრუნვა.
თუმცა, როგორც ყოველი წინა მნიშვნელოვანი გამოსვლებისას, ყველა კანდიდატი საკუთარი თავის იმ ადამიანად წარმოდგენას ცდილობს, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის დამარცხება შეუძლია. დღეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამავე შტატის უდიდეს ქალაქ მანჩესტერში, წინასაარჩევნო შეხვედრას გეგმავს.
78 წლის ბერნი სანდერსი ნიუ ჰემფშირში საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა. თუმცა 38 წლის ბუტეჯეჯის პოზიციები აიოვაში გამარჯვების შემდეგ, უფრო და უფრო მყარდება.
Facebook Forum