დღეს, დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატებს პირველი სერიოზული გამოცდა ელით. აიოვაში დაგეგმილ შიდაპარტიულ კოკუსზე, 11 ფინალისტიდან ერთი კანდიდატი გაიმარჯვებს, რომლის შანსებიც მომდევნო პრაიმერებზე და კოკუსებზე გაცილებით გაიზრდება.
გამოკითხვების მიხედვით, ხალხმრავალ მარათონზე ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლიდერობენ. მათ მცირე ინტერვალით ჩამორჩებიან მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი და ქ. საუთ-ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტეჯეჯი. თუმცა, აიოველი დემოკრატების დიდი ნაწილი ამბობს, რომ საბოლოო არჩევანი მათ ჯერ არ გაუკეთებიათ.
ნოემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, სადაც ხმის მიცემა ბიულეტენებით ხდება, კოკუსის საარჩევნო უბნებზე ხალხი დიდ დარბაზებში იკრიბება. ამომრჩევლები ხმას სასურველ კანდიდატს ჯგუფ-ჯგუფად თავმოყრით, ან ხელის აწევით აძლევენ.
საარჩევნო უბნებად შერჩეულია სკოლის სპორტული დარბაზები, მერიის შენობები, ცარიელი მაღაზიები, ზოგჯერ ამომრჩევლების სახლებიც კი. აიოვის შტატის კანონებით, იმ კანდიდატის ამომრჩევლებს, ვინც 15%-იანი მხარდაჭერას მოიპოვებს, შემდეგ საშუალება ეძლევათ, სურვილის შემთხვევაში, ხმა სხვა, უფრო დაწინაურებულ კანდიდატსაც მისცენ.
უზარმაზარი ყურადღების მიუხედავად, რომელსაც აიოვის კოკუსი იღებს, ის პარტიის ნომინაციის განმსაზღვრელი ზუსტი ბარომეტრი ყოველთვის არ არის. აიოვა წაგებული აქვს მაგალითად, დემოკრატ ბილ კლინტონს. 1992 წლის კოკუსზე მან მხოლოდ 3%-ის აღება მოახერხა. 2016 წელს კი აიოვაში დამაჯერებლად მოიგო რესპუბლიკელმა ტედ კრუზმა, თუმცა მაშინ ნომინაცია დონალდ ტრამპმა მოიპოვა.
პირველად ამერიკის არჩევნების და ასევე საქართველოს ისტორიაში, აიოვის კოკუსი თბილისშიც ჩატარდება. შტატის დემოკრატიულმა პარტიამ თბილისი (საქართველო), პარიზი (საფრანგეთი) და გლაზგო (შოტლანდია), საერთაშორისო სატელიტურ საარჩევნო უბნებად დაამტკიცა. თბილისის საარჩევნო უბანს ჯოშუა კუჩერა უმასპინძლებს, ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და იქ მიმდინარე მოვლენებზე მასალებს სხვადასხვა მედია-საშუალებებს აწვდის. ჯოშუა წარმოშობით აიოვის შტატის ქალაქ დე-მოინიდანაა.
Facebook Forum