ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აიოვის კოკუსის შედეგები შეფერხების შემდეგ დღეს უნდა გამოქვეყნდეს


აიოვაში დემოკრატთა პირველი კოკუსი დასრულდა, თუმცა, შედეგები ჯერ კიდევ არაა ბოლომდე ცნობილი. შტატის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეფერხება შტატის სხვადასხვა ნაწილში მიღებული მონაცემების გადაცემისას მოხდა და შედეგები სამშაბათს დღის განმავლობაში უნდა გახდეს ცნობილი. გამოკითხვების დასრულებიდან საათების შემდეგაც კი პარტიას არც ერთი კენჭისყრის შედეგი არ ჰქონდა გამოქვეყნებული.

კოკუსი ერთგვარი ხალხმრავალი მარათონია, სადაც ამომრჩევლები არა ბიულეტენებით, არამედ ჯგუფებად თავმოყრილნი, ხელის აწევით ან სხვა გზებით აძლევენ კანდიდატს ხმას. ამგვარი კოკუსი კანდიდატებს შორის ლიდერს გამოკვეთს და ხშირად მათ მომავალზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. გამოკითხვების თანახმად, წელს აიოვაში ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლიდერობენ. მათ მცირე ინტერვალით ჩამორჩებიან მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი და ქ. საუთ-ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტეჯეჯი. თუმცა, აიოველი დემოკრატების დიდი ნაწილი ამბობს, რომ საბოლოო არჩევანი მათ ჯერ არ გაუკეთებიათ.

აიოვის შტატის კანონემდებლობით, იმ კანდიდატის ამომრჩევლებს, ვინც 15%-იანი მხარდაჭერას მოიპოვებს, შემდეგ საშუალება ეძლევათ, სურვილის შემთხვევაში, ხმა სხვა, უფრო დაწინაურებულ კანდიდატსაც მისცენ.

კანდიდატები აიოვაშიც, ისევე როგორც სხვა დებატებისა თუ გამოსვლებისას, ცდილობენ თავი იმ კანდიდატად წარუდგინონ ამომრჩეველს, ვისაც პრეზიდენტ ტრამპის დამარცხება შეუძლია.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ამომრჩევლების დამშვიდებას ცდილობდნენ და ამბობდნენ, რომ მთავარი მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფაა, მიუხედავად შეფერხებისა. შედეგების მოლოდინში მყოფი კანდიდატები კი მხარდამჭერებს დაუბრუნდნენ და ოპტიმისტური სიტყვებით მიმართეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG