ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ენერგოკრიზისია


უკრაინაში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ უშუქოდ საათების განმავლობაში დარჩებიან და მიწოდების განრიგზე გადავლენ. ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან განხორციელებული მძიმე საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმებია უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე.

ამჟამინდელი ინფორმაციით, თავდასხმების გამო დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ზამთრის დადგომასთან ერთად, გავლენას ახდენს ქვეყნის მოსახლეობის 40%-ზე. მოსახლეობის ამ ნაწილს ზამთრის გადასატანად კრიტიკულად აუცილებელი გათბობა, ელექტროენერგია და წყალი, სრულად, ან ნაწილობრივ არ მიეწოდება.

"ყოველთვის უარესისთვს უნდა მოემზადო. გვესმის, რომ მტერს ჩვენი ენერგო სისტემების განადგურება სურს, რათა [ელექტროენერგიის] ხანგრძლივი გათიშვები გამოიწვიოს",- ამბობს "უკრენერგოს" ხელმძღვანელი ვოლოდიმირ კუდრიცკი. მისივე თქმით, ქვეყანა უნდა მოემზადოს დიდხნიანი წყვეტისთვის, თუმცა ამ ეტაპზე მოსახლეობას განრიგი დაუწესდება და ამის მიხედვით მიეწოდება ელექტროენერგია.

ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა მწვავედ დგას მთელ ქვეყანაში, მათ შორის - დედაქალაქ კიევში. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ქალაქში "ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტია". დაახლოებით 1,5 მილიონიდან 2 მილიონამდე ადამიანს, ანუ დედაქალაქის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, პერიოდულად სიბნელეში უწევს ცხოვრება, ვინაიდან ქალაქის სხვადასხვა უბანს ელექტროენერგია მორიგეობით მიეწოდება. კლიჩკოს თქმით, სიტუაცია "კრიტიკულია".

კლიჩკო ასევე ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სამხედრო გეგმის ავტორები, როგორც ჩანს, იმედოვნებენ, რომ "ჩვენ ყველას დეპრესიას" მოგვიტანენ, ხალხს თავს დაუცვლად აგრძნობინებენ და დანებებამდე მიიყვანენ, მაგრამ ეს არ გამოვა".

"ეს ძალიან არასწორია, პუტინის არასწორი ხედვაა",- აცხადებს კლიჩკო. 'სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ხალხს ვესაუბრე, უბრალო მოქალაქეებს. ისინი დეპრესიაში არ არიან, ისინი გაბრაზებულები არიან, გაბრაზებულები და მზადყოფნაში, რათა დარჩნენ და ჩვენი სახლები, ჩვენი ოჯახები, ჩვენი მომავალი დაიცვან",- ამტკიცებს კიევის მერი.

"უკრენერგოს" მმართველების თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან დაწესებულებებში, როგორიც საავადმყოფოები და სკოლებია, დასტაბილურდა.

მოსკოვი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად უტევს უკრაინის ინფრასტრუქტურას, რათა ცივი ზამთრის მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადოს უკრაინის მოსახლეობის ყოფა.

XS
SM
MD
LG