ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საზღვაო ფლოტმა მასშტაბური წვრთნები დაიწყო


რუსეთის საზღვაო ფლოტმა, არქტიკასა და წყნარ ოკეანეში, ასევე ბალტიისა და კასპიის ზღვებში, დაგეგმილი წვრთნები დაიწყო. სამხედრო სწავლებაში ფლოტის უმეტესი ნაწილი მონაწილეობს, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს.

რუსეთს მსოფლიოში მესამე ყველაზე ძლიერი საზღვაო ფლოტი ჰყავს, შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ. გარდა ამისა, რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი ბალისტიკური რაკეტების ბირთვული წყალქვეშა ფლოტი.

რუსული წვრთნები, რომელიც მოიცავს 20 000 ადამიანს და 300 ხომალდს, შეამოწმებს სამხედრო-საზღვაო ძალების მზადყოფნას და შესაძლებლობებს, ყველა დონეზე, - განაცხადა სამინისტრომ.

გადამზადება მოიცავს 300-ზე მეტ საბრძოლო წვრთნას, მათ შორის, საზენიტო რაკეტების, არტილერიის, წყალქვეშა იარაღისა და „პასიური ჩარევის“ გამოყენებას.

„რუსეთის საზღვაო ძალების შენაერთებმა და ფორმირებებმა დაიწყეს დაგეგმილი წვრთნების ჩატარება ჩრდილოეთის, წყნარი ოკეანისა და ბალტიის ფლოტების ოპერატიული ზონებში, ასევე კასპიის ფლოტილას პასუხისმგებლობის ზონაში“, - აცხადებენ სამინისტროში.

წვრთნების მთავარი მიზანია შეამოწმოს სამხედრო-საზღვაო ძალების მოქმედებები ყველა დონეზე, ასევე გემების ეკიპაჟის, საზღვაო ავიაციის დანაყოფების და რუსეთის საზღვაო ძალების სანაპირო ჯარების მზადყოფნა, დავალებების შესასრულებლად.

საბრძოლო წვრთნებში 300-მდე ზედაპირული ხომალდი და ნავი, წყალქვეშა ნავი და დამხმარე ხომალდი, დაახლოებით, 50 თვითმფრინავი და 200-ზე მეტი ერთეული სამხედრო და სპეცტექნიკა ჩაერთვება, - განაცხადა სამინისტრომ.

XS
SM
MD
LG