ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსმა მამაკაცმა ომისგან თავის აცილების მიზნით გარდაცვალების ყალბი ცნობა დაამზადებინა


ციმბირში, ბურიატიის რეგიონში მცხოვრებ მამაკაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში დაბრუნებისგან თავის არიდებას, გარდაცვალების ყალბი მოწმობის აღებით ცდილობდა.

ზორიგტო არაბჟაევი მობილიზებულს შორის იყო და უკრაინაში 2022 წლის ნოემბერში გაგზავნეს. გაზაფხულზე ის შვებულებაში გავიდა და სახლში დაბრუნდა.

გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც არაბჟაევი სამხედრო განყოფილებაში არ მივიდა, მასთან სახლში კომისარიატის თანამშრომლები მივიდნენ, რათა გაცდენის მიზეზი დაედგინათ. შვილმა მათ უთხრა, რომ მამამისი გარდაიცვალა და ყალბი მოწმობაც აჩვენა.

კომისარიატში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მოწმობა ყალბი იყო.

დაკავებულმა სასამართლოზე განმარტა, რომ ფრონტის ხაზზე დაბრუნება ცოლის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო არ უნდოდა. როგორც დაკავებული ყვება, უკრაინასთან ომის დროს, მათი უფროსი შვილი გარდაიცვალა. მისი სიკვდილიდან 2 თვეში კი თავადაც გაიწვიეს, რამაც ცოლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა. არაბჟაევი ამბობს, რომ ცოლი თვითმკვლელობით ემუქრებოდა ქმარს იმ შემთხვევაში, თუ ისევ ომში დაბრუნდებოდა, ამიტომ ყალბი ცნობის გაკეთება გადაწყვიტა.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ არაბჟაევის ოჯახში არსებული მძიმე ფსიქოლოგიური გარემო გაითვალისწინა, ის დეზერტირად მაინც ცნეს და პატიმრობა მიუსაჯეს.

XS
SM
MD
LG