ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აცხადებს, რომ ხელს უშლის უკრაინის შემდგომ მცდელობებს გადაკვეთოს დნიპრო


სამშაბათს, მოსკოვმა განაცხადა რომ მისმა საზღვაო ქვეითებმა, ავიაციამ და არტილერიამ, ჩაშალა უკრაინული ძალების მცდელობები, დაეკავებინათ მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ სანაპირო და მდინარის შესართავთან არსებული კუნძულები.

ამ თვეში უკრაინამ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა გადაკვეთა დნიპრო და მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე რამდენიმე ხიდი დაამონტაჟეს, თუმცა რუსეთმა განაცხადა, რომ ის უტევს უკრაინის პოზიციებს.

„შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითები აჩერებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა მცდელობას, განახორციელონ ამფიბიური გადასხმები დნეპროს კუნძულებზე და მდინარე დნეპროს მარცხენა სანაპიროზე“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მათი მტკიცებით ჩანს, რომ 810-ე გვარდიის საზღვაო ქვეითი ბრიგადის ჯარიკაცები, უკრაინულ ძალებს ამარცხებენ. კადრებში ჩანს, რომ ჯარისკაცები, სხვადასხვა ტიპის იარაღს იყენებენ, თუმცა, ბრძოლის შედეგი გაურკვეველია. რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ დნიპროს კუნძულების დაკავების წარუმატებელი მცდელობისას, უკრაინული ძალები დიდ მსხვერპლს განიცდის და დიდი რაოდენობით აღჭურვილობას კარგავს.

ახალი ამბების სააგენტო "როიტერმა", რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, ვერ შეძლო დაუყონებლივ გადაემოწმებინა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის მცდელობა, ფეხი მოიკიდოს დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე. დნიპროს გადაკვეთისას, უკრაინული შენაერთები ერთი მხრივ, მდინარესა და ჭაობს შორის, მეორე მხრიდან კი ძლიერ გამაგრებულ რუსულ პოზიციებს შორის აღმოჩნდება.

ყირიმთან ერთად, რომლის უკანონო ანექსია მოსკოვმა 2014 წელს გამოაცხადა, ახლა რუსეთი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 17,5%-ს აკონტროლებს. წელს, რუსული ძალების წინააღმდეგ, უკრაინის კონტრშეტევამ მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია.

XS
SM
MD
LG