ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკიმ სამხედრო სამედიცინო მეთაური თანამდებობიდან გაუშვა და სისტემის რეფორმირებაზე დაიწყო საუბარი


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას უკრაინის სამხედრო სამედიცინო ძალების მეთაურის გადაყენების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ზელენსკიმ თქვა, რომ საჭიროა სწრაფი ცვლილებები და რეფორმები უკრაინის სამხედრო სამედიცინო სისტემაში.

ზელენსკის ეს ნაბიჯი დროში დაემთხვა მის შეხვედრას თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან. ასევე განხილვას რუსეთის წინააღმდეგ ომის წარმართვასთან და კონტრშეტევის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

„დღევანდელ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრ უმეროვთან დადგინდა პრიორიტეტები...შედეგამდე ცოტა დრო რჩება. საჭიროა სწრაფი მოქმედება მომავალი ცვლილებებისთვის",- განაცხადა ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში.

სწორედ ამ მიმართვის დროს თქვა ზელენსკიმ, რომ მან გენერალ-მაიორი ტატიანა ოსტაშჩენკო შეიარაღებული ძალების სამედიცინო ძალების მეთაურის თანამდებობიდან გადააყენა.

”ამოცანა ნათელია, როგორც არაერთხელ აღინიშნა საზოგადოებაში, განსაკუთრებით საბრძოლო მედიკოსებს შორის, ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტურად ახალი დონის სამედიცინო დახმარება ჩვენი ჯარისკაცებისთვის”, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარი მომხდართან დაკავშირებით უმეროვმაც გააკეთა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საჭიროა დიჯიტალიზაცია, ტაქტიკური მედიცინის შემუშავება და სამხედროების როტაცია.

პარალელურად, ფრონტის ხაზიდან უკრაინის სამხედრო ძალები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ წინსვლა აქვთ აღმოსავლეთ და სამხრეთ ოკუპირებული ტერიტორიების აღებისას. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ჯარმა კონტროლი დაამყარა მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე სამხრეთ ხერსონის რეგიონში.

XS
SM
MD
LG