უკრაინელთა იერიშის შედეგად, 18 მაისს რუსეთის ძალებმა ბახმუტთან უკან დაიხიეს. ინფორმაციას ადასტურებენ როგორც უკრაინის არმიაში, ისე რუსეთის არაფორმალურ დაჯგუფება "ვაგნერის ჯგუფში", რომელიც რამდენიმე თვეა ბახმუტისთვის იბრძვის.
ამ მასშტაბის საბრძოლო ქმედებები ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავთ. ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლებს და ქალაქში შექმნილ ვითარებას როგორც უკრაინელები, ისე რუსები "ხორცის საკეპ მანქანას" ადარებენ.
რუსეთი ქალაქის გზების ბომბარდირებას დღესაც აგრძელებდა, რათა როგორმე შეენელებინა უკრაინელთა წინსვლა, იტყობინება კიევი. ბახმუტი უკრაინაში რუსეთის იერიშების ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი იყო, სადაც მან მრავალთვიანი უკანდახევის შემდეგ, ბოლო თვეებში დაწინაურება მოახერხა და რუსეთს უკანდახევა აიძულა.
"ახლა, როცა უმეტესწილად დაწინაურება დავიწყეთ, მათ გზების და ფრონტის წინა ხაზების დაბომბვა განაახლეს, რათა ჩვენმა საბრძოლო ჯავშანტექნიკამ იქ მეტი ძალები, ამუნიცია და სხვა საჭირო საშუალებები არ მიაწოდოს" - ამბობს პეტრო პოდარუ, უკრაინის საარტილერიო შენაერთის მეთაური.
უკრაინის არმიის პრესსპიკერი, სერჰი ჩერევატი ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში ამბობს, რომ უკრაინის ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე 150-დან 1 700-მდე მეტრით დაწინაურება შეძლეს. კიევი ბახმუტთან პოზიციების განმტკიცებას დიდი კონტრიერიშის პრელუდიას უწოდებს. უკრაინას იმედი აქვს, რომ ამ კონტრიერიშით გარდატეხას შეიტანს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ 15 თვის წინ დაწყებულ ომში.
უკრაინის წარმატების პარალელურად, საჯაროდ ღრმავდება დაპირისპირება რუსეთის არმიას და კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის ჯგუფს" შორის. დაჯგუფების მეთაური ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი რაზმი ქალაქის დასავლეთ ნაწილში დაწინაურდა, მაგრამ რუსეთის არმიამ ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით პოზიციები დათმო. ეს კი "ვაგნერის ჯგუფს" უკრაინელთა მხრიდან ალყაში მომწყვდევის რისკს უქმნის.
"სამწუხაროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებმა უკან დაიხიეს ბახმუტის ჩრდილოეთით 570 მეტრით და ჩვენი ფლანგები გააშიშვლეს" - თქვა პრიგოჟინმა დღეს, 18 მაისს, თავის ბოლო აუდიო-გზავნილში. მან კიდევ ერთხელ საჯაროდ მოუწოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს, არ დათმონ აღნიშნული პოზიციები.
Facebook Forum