უკრაინულმა სამხედრო ქვედანაყოფმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბახმუტის მახლობლად, რუსული ქვეითი ბრიგადა გაანადგურა და ადასტურებს რუსეთის „ვაგნერის“ კერძო არმიის მეთაურის ცნობას, რომ რუსული ძალები გარბიან.
მოსკოვს არ გაუკეთებია კომენტარი არც ერთი მხარის განცხადებებზე, იმის შესახებ, რომ მისმა 72-ე მოტომსროლელმა ბრიგადამ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში პოზიციები დატოვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაუყოვნებლივ არ უპასუხა „როიტერის“ თხოვნას კომენტარისთვის და „როიტერმა“ დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა ვითარება ქალაქში.
რუსული ბრიგადა, როგორც წესი, რამდენიმე ათასი ჯარისკაცისგან შედგება. აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქი მოსკოვის ზამთრის ფართო შეტევის მთავარი სამიზნე იყო და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლიან სახმელეთო ბრძოლად იქცა.
რუსეთის დაქირავებული, „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა, რომელმაც არაერთხელ დაადანაშაულა მოსკოვის რეგულარული შეიარაღებული ძალები იმაში, რომ ვერ უჭერდა მხარს მის კერძო არმიას, რომელიც ხელმძღვანელობს ბრძოლას ბახმუტში, სამშაბათს თქვა, რომ რუსულმა ბრიგადამ მიატოვა პოზიციები.
"ჩვენი არმია გარბის. 72-ე ბრიგადამ დღეს დილით სამი კვადრატული კმ მიატოვა, სადაც დაახლოებით 500 კაცი დავკარგე", - თქვა პრიგოჟინმა.
ღამით გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის მესამე თავდასხმის ბრიგადამ თქვა: "ეს ოფიციალურია. პრიგოჟინის ცნობა რუსეთის 72-ე მოტომსროლელი ბრიგადის ბახმუტის მახლობლად გაქცევის და რუსების "500 გვამის" შესახებ, სიმართლეს შეესაბამება."
ოთხშაბათს დილით, უკრაინის „აზოვის“ ბატალიონისგან დაკომპლექტებულმა ქვედანაყოფმა, აზოვის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ანდრეი ბილეცკის ვიდეო გაავრცელა, რომელიც ამბობს, რომ მისმა ძალებმა "დაამარცხეს" რუსული ბრიგადა.
„ფაქტობრივად, ამ ბრიგადის მე-6 და მე-7 ესკადრილია თითქმის მთლიანად განადგურდა, განადგურდა ბრიგადის დაზვერვა, განადგურდა საბრძოლო მანქანების დიდი რაოდენობა, ტყვეების მნიშვნელოვანი რაოდენობა ავიყვანეთ“, - განაცხადა მან.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა, რომელიც, როგორც წესი, ამგვარ დეტალებს თავის რეგულარულ ანგარიშებში არ აკონკრეტებს, არ ავრცელებს ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, გარდა იმისა, რომ რუსეთმა „ჩაატარა წარუმატებელი შეტევა ქალაქ ბახმუტში“.
Facebook Forum