ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის "ენერგოატომი": რუსეთი ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის მუშაკების ევაკუაციას მოახდენს


ოთხშაბათს, უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომმა“ განაცხადა, რომ რუსული ძალები გეგმავს 3000-ზე მეტი მუშაკის ევაკუაციას ქალაქიდან, რომელიც ოკუპირებულ ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს ემსახურება. „ენერგოატომი“ ამბობს, რომ ეს თანამშრომლების „კატასტროფულ ნაკლებობას“ გამოიწვევს.

გასულ კვირაში, გაეროს ატომური ენერგიის საზედამხედველო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მოსკოვის მიერ დანიშნულმა ოფიციალურმა პირებმა ახლომდებარე ტერიტორიებიდან ადამიანების ევაკუაცია დაიწყეს, რუსების მიერ დაკავებული ბირთვული სადგურის გარშემო ვითარება „პოტენციურად სახიფათო“ გახდა.

რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „ტას“-მა ორშაბათს თქვა, რომ მიმდებარე რეგიონის რუსეთის მიერ კონტროლირებადი ნაწილის მოსკოვის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა ელექტროსადგურის მუშაობა შეაჩერა.

უკრაინის “ენერგოატომმა“თქვა, რომ მიიღო ინფორმაცია ქალაქ ენერჰოდარიდან დაახლოებით 3100 ადამიანის, მათ შორის 2700 მუშაკის ევაკუაციის მზადების შესახებ, რომლებმაც რუსულ კომპანიასთან კონტრაქტებს ხელი მოაწერეს.

„ახლა, როცა კვალიფიციური მუშაკების კატასტროფული ნაკლებობაა, რუსი ოკუპანტები ამტკიცებენ თავის უუნარობას, ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის მუშაობა უზრუნველყონ. იმ უკრაინელ მუშაკებსაც კი, რომლებმაც სამარცხვინო კონტრაქტებს ხელი მოაწერეს, მალე „ევაკუაციას“ გაუკეთებენ. ეს გაამძაფრებს უკვე უაღრესად გადაუდებელ საკითხს მუშაკების საკმარისი რაოდენობის ყოლის შესახებ, რაც თუნდაც გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფი ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო მუშაობის უზრუნველსაყოფადაა საჭირო,“ ნათქვამის „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ „ენერგოატომის“ განცხადებაში.

სააგენტო „როიტერმა“ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო. რუსეთს კი ამ საკითხზე კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG