ბრიტანეთის ლიდერობით შექმნილი ევროპული ქვეყნების ჯგუფი ითხოვს, რომ უკრაინას 300 კილომეტრამდე რადიუსის დაფარვის შესაძლებლობის მქონე რაკეტები მიაწოდონ, რათა ქვეყანას რუსეთისგან თავდაცვაში დაეხმარონ.
განაცხადის შეტანის მოწოდება კომპანიებისთვის, რომლებსაც ასეთი რაკეტების მიწოდება შეუძლიათ, გასულ კვირას უკრაინის საერთაშორისო ფონდის განცხადებაში იყო გამოქვეყნებული. ფონდში სხვადასხვა ევროპული ქვეყნები შედიან, მათ შორის: დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, დანია და შვედეთი.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ფონდს მართავს, კომპანიებს სთხოვს მიმართონ მას, თუ შეუძლიათ უკრაინას მიაწოდონ რაკეტები, რომელთა გაშვება ხმელეთიდან, ზღვიდან, ან ჰაერიდან 20-დან 490 კგ-მდე ტვირთამწეობითაა შესაძლებელი.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს ქლევერლიმ, რომელსაც ჰკითხეს უკრაინისთვის გამანადგურებელი თვითმფრინავების და შორი დისტანციის რაკეტების მიწოდების შესახებ, კითხვას თავი აარიდა და კონკრეტული გეგმის შესახებ საუბარი არ ისურვა.
თუმცა, თქვა, რომ კრიტიკულია, ქვეყნებმა განაგრძონ სხვადასხვა გზების მოძებნა იმისთვის, რომ უკრაინის მოთხოვნილებები ამ ომში დააკმაყოფილონ.
დღესვე, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა. თავდაცვის დეპარტამენტის თქმით, უკრაინა 1.2 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მიღებს. დახმარების ამ პაკეტის მიზანი, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაა.