ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება - კიევმა 49 რუსული თავდასხმა მოიგერია


უკრაინაში რუსეთის ომი გრძელდება და როგორც კიევი ამბობს, ბოლო 24 საათის განმავლობაში კიევმა 49 რუსული იერიში მოიგერია. ინტენსიური ბრძოლა გრძელდება ქალაქ ბახმუტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"კიევი ამ დრომდე აკონტროლებს ქალაქის დასავლეთ ტერიტორიას, რომელიც გასული დღის განმავლობაში „ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის სამიზნე იყო“, - ამბობს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო. ბახმუტთან ერთად, რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ კვლავ რჩება მარინკა, სადაც ასევე ინტენსიური შეტაკებებია.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ბახმუტის ასაღებად კვლავ გააქტიურა ბრძოლა და რუსეთის სამხედრო ძალებსა და ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის დაჯგუფების“ მებრძოლებმა „კომუნიკაცია და თანამშრომლობა გააუმჯობესეს“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ამბობენ, რომ „მიუხედავად დიდი დანაკარგებისა, მტერი არ ამბობს უარს ჩვენი [უკრაინის] ტერიტორიის ოკუპაციის გეგმებზე“.

13 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ბახმუტისთვის ბრძოლაში დაწინაურდა, თუმცა მოგვიანებით პუტინთან დაახლოებულმა ევგენი პრიგოჟინმა, რომლის მებრძოლებიც ბახმუტის აღებაში აქტიურად არიან ჩართულნი თქვა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ ქალაქი ალყაშია.

კიევი ამტკიცებს, რომ უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ბახმუტისთვის იბრძვიან, ალყაში არ არიან. უკრაინის აღმოსავლეთის ძალების სპიკერი ამბობს, რომ ფრონტის ხაზთან მყოფ სამხედროებს საბრძოლო მასალები მიაწოდეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ გასცა ბრძანება რუსი სამხედროებისთვის, რომ მათ სრული კონტროლი მოიპოვონ დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპორიჟიისა და ხერსონის ტერიტორიებზე. პუტინი ამბობს, რომ ეს რუსეთის ტერიტორიებია. ოთხივე ტერიტორიის უკანონო ანექსია რუსეთმა შემოდგომაზე გამოაცხადა, ჯერ კიდევ მაშინ, რუსეთის საოკუპაციო ჯარი სრულად ვერ აკონტროლებდა უკრაინის ვერც ერთ ამ ტერიტორიას.

კიევი ამბობს, რომ კონტრშეტევისთვის მზადება გრძელდება და მისი ძალები მალე დაიწყებს უკრაინული ქალაქებისა და სოფლების გათავისუფლებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG