ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამოცნობილი და დაკავებულია საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვაში ეჭვმიტანილი პირი


ვაშინგტონი აცხადებს, რომ ამერიკის თავდაცვის საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროების საქმესთან დაკავშირებით, ეჭვმიტანილი პირი უკვე ამოიცნეს და დააკავეს. განცხადება რამდენიმე წუთის წინ შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა გააკეთა.

განცხადების მიხედვით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ეჭვმიტანილი 13 აპრილს, დაახლოებით შუადღეზე, "ინციდენტების გარეშე" დააკავა. მისი აყვანა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ჩრდილოეთ დაიტონში მოხდა. 21 წლის ჯეკ ტეშეირა მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის საჰაერო თავდაცვის დანაყოფის დაზვერვის განყოფილების წევრი იყო.

"იუსტიციის დეპარტამენტმა დააკავა ჯეკ დაგლას ტეხიერა... გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ტეხიერა ინციდენტების გარეშე აიყვანეს. ის მასაჩუსეტსის რეგიონულ სასამართლოში წარსდგება. მინდა, მადლობა გადავუხადო გამოძიების ფედერალურ ბიუროს, იუსტიციის დეპარტამენტის პროკურორებს და ჩვენს კოლეგებს თავდაცვის დეპარტამენტში ამ საქმეზე მუშაობისთვის. გამოძიება გრძლდება და დამატებით ინფორმაციას შესაბამის დროს მოგაწვდით" - განაცხადა გარლანდმა.

მას შემდეგ, რაც დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე პენტაგონმა იუსტიციის დეპარტამენტს აუწყა, ამ ფაქტზე შეერთებულ შტატებში სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებული გამოძიება დაიწყო. ძიებას სათავეში გამოძიების ფედერალური ბიურო უდგას.

ბოლო ათწლეულში ეს შესაძლოა ყველაზე სერიოზული გაჟონვის ინციდენტი იყოს. საუბარია 100-ზე მეტ დოკუმენტზე, რომელთა შორისაა "სიდუმლო" და "განსაკუთრებით საიდუმლო" გრიფის მქონე საბუთები.

წინასწარი მონაცემებით, გასაჯაროებულ ინფორმაციას შორის, ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხი ეხება უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაგეგმილ კონტრიერიშს. საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ დოკუმენტებში ამერიკის მოკავშირეებზეც არის ინფორმაცია, მათ შორის, ისრაელზე, სამხრეთ კორეაზე და თურქეთზე.

დოკუმენტებში ზოგი ინფორმაცია შეცვლილია და მონაცემები გადაკეთებულია, ამიტომ ჯერჯერობით დანამდვილებით არ შეიძლება იმის თქმა, თუ რამდენად შეესაბამება მათში მოცემული ინფორმაცია რეალობას. წინასწარ არც ისაა ცნობილი, თუ რა ხარისხის ზიანი შეიძლება მიადგეს ვაშინგტონს, ან მის პარტნიორებს და მოკავშირეებს. რამდენიმე სახელმწიფომ უკვე დააყენა ეჭვქვეშ ზოგიერთი დოკუმენტის სიზუსტე. მათ შორისაა ბრიტანეთი, რომელიც ამბობს, რომ ინფორმაციაში "უზუსტობის სერიოზული დონე" შენიშნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG