ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონს საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის შედეგებთან გამკლავება უწევს


პენტაგონი, აშშ
პენტაგონი, აშშ

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სამსახურები ათეულობით საიდუმლო დოკუმენტის გაჟონვით მიყენებულ ზარალის გამოსწორებაზე მუშაობს. საიდუმლო ინფორმაციის ნაწილი განსაზღვრული იყო როგორც ამერიკის, ისე სხვა ქვეყნების მთავრობისთვის. აღნიშნული ცნობა "როიტერს" ამერიკის მთავრობის ორმა ოფიციალურმა პირმა დაუდასტურა, რომლებიც სააგენტოს ანონიმურობის შენარჩუნების პირობით ესაუბრნენ.

"როიტერის" ინფორმაციით, რომელიც დაახლოებით, 50 დოკუმენტს თავად გაეცნო, მათში ზოგი "საიდუმლო" იყო, ზოგზე კი გრიფი "განსაკუთრებით საიდუმლო" გახლდათ. დოკუმენტები სოციალური მედიის გვერდებზე პირველად მარტში გამოჩნდა და თავდაპირველი ცნობებით, ასაჯაროებდა უკრაინის არმიისთვის მგრძნობიარე ინფორმაციას. უკრაინის გარდა, დოკუმენტები შეიცავდა ცნობებს ისრაელის, სამხრეთ კორეის და ამერიკის სხვა პარტნიორების შესახებ.

"როიტერს" მათი სანდოობის დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმების საშუალება არ ჰქონია. ამერიკის მთავრობის ოფიციალური პირები სააგენტოს ეუბნებიან, რომ დოკუმენტების ნაწილში ინფორმაცია გადაკეთებულია. მაგალითად, შეცვლილია ის ცნობა, რომელიც რუსეთის არმიის მხრიდან ომში დაღუპულთა თაობაზე იუწყება და მათში მსხვერპლის რაოდენობა შემცირებულია.

დოკუმენტების გაჟონვის საქმე პენტაგონმა იუსტიციის დეპარტამენტს აუწყა, რომელმაც ამ ფაქტზე სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებული გამოძიება დაიწყო.

პენტაგონმა კვირას, 9 აპრილს განაცხადა, რომ ისინი დოკუმენტების გაჟონვის შედეგებს სწავლობენ. განცხადების მიხედვით, დოკუმენტების ფოტოასლებს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს არამარტო შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებაზე, არამედ ამერიკის ახლო პარტნიორებზეც. ამ ეტაპზე თავდაცვის დეპარტამენტში ინფორმაციის გაჟონვის გამო "ზარალის შეფასების" სახელით ცნობილი პროცესი მიმდინარეობს.

მთავრობის ოფიციალური პირები "როიტერს" აცნობებენ, რომ ეს შესაძლოა ამერიკის ისტორიაში, ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის გაჟონვა იყოს. თუმცა, ეს ფაქტი ახლოს ვერ მივა "ვიკილიკსის" ვებგვერდზე 2013 წელს გამოქვეყნებული საიდუმლო მასალების გასაჯაროების მასშტაბებთან. მაშინ გამოქვეყნდა, დაახლოებით, 700 000 დოკუმენტი, ვიდეო, ფოტო და დიპლომატიური არხებით მიმდინარე საიდუმლო მიმოწერა.

შესაძლო მოტივი

გამოძიება ახალი დაწყებულია და ჯერჯერობით დოკუმენტების გასაჯაროების საკითხზე მხოლოდ სპეკულაციები ვრცელდება.

დანიელ ჰოფმანი, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ფიქრობს, რომ "დიდი ალბათობით" დოკუმენტები რუსეთმა გაავრცელა. მსგავსი დასკვნის საბაბს, მისი თქმით, წარსულში რუსეთის დაზვერვის ქმედებათა ანალიზიც იძლევა. შესაძლოა, ეს უკრაინის თაობაზე დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით მოხდა, ამბობს ჰოფმანი. ნამდვილ საიდუმლო დოკუმენტებში ცრუ ინფორმაციის შეტანა და მათი ისე გამოქვეყნების ფაქტი, რუსეთის საჯაშუშო საქმიანობის "კლასიკურ" მანევრს წარმოადგენს.

ჰოფმანის თქმით, მსგავსი ოპერაციები მიზნად ისახავს სულ ცოტა, დაბნეულობის გამოწვევას. უფრო შორსმიმავალი მიზანი კი სავარაუდოდ, ბზარის გაჩენაა უკრაინის მომხრეებს შორის, განსაკუთრებით, კიევს და ვაშინგტონს შორის - განმარტავს ყოფილი დაზვერვის ოფიცერი.

ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები და მთავრობის ოფიციალური პირები, რომლებიც "როიტერს" ესაუბრნენ, ფიქრობენ, რომ შესაძლოა, დოკუმენტების საჯაროდ გამოქვეყნება ამერიკელთა ხელით იყოს გაკეთებული. მაგრამ, ისინი არც პრორუსი აქტორების როლს გამორიცხავენ.

არც კრემლს, არც შეერთებულ შტატებში რუსეთის საელჩოს მომხდარში რუსეთის როლთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მათ კომენტართან დაკავშირებით ამ დრომდე არც "როიტერის" თხოვნას უპასუხეს.

თეთრმა სახლმა შესაძლო მოტივის და ეჭვმიტანილებზე ვერსიების საჯარო განხილვისგან თავი შეიკავა და ჟურნალისტები პენტაგონთან გადაამისამართა. პენტაგონმა უქმეებზე განაცხადა, რომ ისინი პარტნიორებს გამჟღავნებულ დოკუმენტებზე უკვე ესაუბრნენ და მომხდარზე კონგრესის შესაბამის კომიტეტსაც აუწყეს.

"ღრმად შეშფოთებული ვარ გაჟონილი ინფორმაციის ხასიათის და შესაძლო მასშტაბების გამო და მოველი, რომ ამასთან დაკავშირებით მომავალ დღეებში სრულ ინფორმაციას მივიღებ" - განაცხადა კონფრესმენმა ჯეისონ ქროუმ. ის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში დაზვერვის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG