ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა


რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი 29 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა, რათა ჩრდილოეთ კორეის სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართოს. ეს ვიზიტი ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების ნაწილია, რაც უკრაინაში რუსეთის ომს უკავშირდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვიზიტის შესახებ განცხადებაში არ დააზუსტა ის, თუ ვისთან გეგმავდა ბელოუსოვი შეხვედრას, ან რა იყო ფხენიანთან მოლაპარაკებების მიზანი. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ჯერ არ ადასტურებს ვიზიტს.

ბელოუსოვი, რომელიც ადრე ეკონომისტი იყო, მიმდინარე წლის მაისში თავდაცვის მინისტრის პოსტზე სერგეი შოიგუს ჩაენაცვლა, როდესაც ვლადიმირ პუტინმა მეხუთე საპრეზიდენტო ვადის ათვლა დაიწყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ბელოუსოვი ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრ ნო კვანგ ჩოლთან ერთად ჩანს.

ბელოუსოვმა ჩასვლის შემდეგ აღნიშნა, რომ სამხედრო თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ფართოვდება. მან შეაქო სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ივნისში ფხენიანში შეხვედრის დროს გააფორმეს. მისი თქმით, ეს შეთანხმება მიზნად ისახავს რეგიონში ძალთა ბალანსის შენარჩუნებას და ომის, მათ შორის ბირთვული ომის, რისკის შემცირებას.

ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა ნომაც აღნიშნა, რომ ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობა ძლიერდება და დაადასტურა ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერა რუსეთის ომისადმი უკრაინაში, რაც “სამართლიან ბრძოლად“ შეაფასა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად.

ეს ვიზიტი იმ ფონზე გაიმართა, როცა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან სეულში შეხვედრას მართავდა და განიხილა ჩრდილოეთ კორეის მიერ ათასობით ჯარისკაცის გაგზავნის საკითხი რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად.

აშშ-სა და მისი მოკავშირეების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ ბოლო კვირებში რუსეთში 10,000-ზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა, რომელთა ნაწილიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს.

სამხრეთ კორეაში შიშობენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ, სანაცვლოდ, შესაძლოა მიიღოს რუსული ტექნოლოგიები, რომლებიც გააუმჯობესებს მის ბირთვულ იარაღსა და სარაკეტო პროგრამებს.

XS
SM
MD
LG