ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბაიდენი სამხრეთ კორეის და იაპონიის ლიდერებს ხვდება


ფხენიანის მოსკოვთან მზარდი პარტნიორობისა და ბალისტიკური რაკეტების გამოცდასთან დაკავშირებულ შეშფოთებათა გაღრმავების ფონზე, ამერიკის, სამხრეთ კორეის და იაპონიის ლიდერები მოლაპარაკებას მართავენ. დღეს, 15 ნოემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ იოლსა და იაპონიის პრემიერ-მინისტრ სიგერუ იშიბას ხვდება.

სამი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკება პერუში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გაიმართება.

ჩრდილოეთ კორეამ ათასობით ჯარისკაცი გააგზავნა რუსეთში, რათა მას უკრაინასთან ომში დაეხმაროს. ჯარისკაცები კურსკის სასაზღვრო ოლქში იმყოფებიან, სადაც უკრაინამ ზაფხულში რუსეთის ტერიტორიის მოსაზღვრე ნაწილი დაიკავა.

ამასთან, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, ასევე გასცა ბრძანება ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შესახებ. ფხენიანმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებზე თავდასხმის შესაძლებლობების ძალისხმევაში პროგრესს მიაღწია.

თეთრი სახლის ოფიციალურ პირებს აშფოთებთ ჩრდილოეთ კორეის შემდგომი შესაძლო პროვოკაციული ქმედებები. „არა მგონია, რომ ჩრდილოეთ კორეასთან სიმშვიდის პერიოდის იმედი უნდა გვქონდეს“, - თქვა თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა. „მეშვიდე ბირთვული გამოცდის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს და ჩვენ მას ფხიზლად ვაკვირდებით. ისტორიულად, [აშშ-ის ადმინისტრაციებს შორის] გარდამავალი პროცესი იყო ის პერიოდი, როდესაც ჩრდილოეთ კორეა ახორციელებდა პროვოკაციულ ქმედებებს“, - განაცხადა სალივანმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატების, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერები გამოიყენებენ თავიანთ შეხვედრას, რათა განიხილონ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების რუსეთში ყოფნა და დარწმუნდნენ იმაში, რომ სამი ქვეყანა "კოორდინირებულად" იმოქმედებს.

XS
SM
MD
LG