სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებამ გამოაცხადა, რომ ოთხშაბათს ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან, სავარაუდოდ ჰიპერბგერითი რაკეტა გაუშვა, მაგრამ ის ჰაერში აფეთქდა.
სამხრეთ კორეის შტაბების უფროსთა გაერთიანებულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ რაკეტის საცდელი გაშვების ადგილი დედაქალაქ ფხენიანთან ახლოს იყო. იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ რაკეტამ 100 კმ. სიმაღლეს მიაღწია და 200 კმ-ზე მეტი იფრინა.
სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის მაღალი თანამდებობის ოფიციალურ პირებს შორის ამ ინციდენტის შემდეგ სატელეფონო საუბარი შედგა და მათ დაგმეს რაკეტის გაშვება, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა და რეგიონში და მის მიღმაც მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხე.
განცხადება შეერთებული შტატების ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობამაც გამოაქვეყნა და ჩრდილოეთ კორეას შემდგომი უკანონო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
„იმ დროს, როდესაც ჩვენი შეფასებით, ეს მოვლენა შეერთებული შტატების პერსონალს, ან ტერიტორიას, ან ჩვენს მოკავშირეებს უშუალო საფრთხეს არ უქმნის, ვითარებაზე დაკვირვებას ვაგრძელებთ“, - ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.
ჩრდილოეთ კორეამ რაკეტა ბოლოს 30 მაისს გაუშვა.
ამ კვირაში ჩრდილოეთ კორეა აკრიტიკებდა შეერთებული შტატების ავიამზიდის მონაწილეობას სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან ერთობლივ წვრთნებში და მათ „უზარმაზარი ახალი შემაკავებელი ძალის დემონსტრირების“ შესახებ აფრთხილებდა.
გასულ კვირაში ჩრდილოეთ კორეის და რუსეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთდაცვის პაქტს. სეულმა, ვაშინგტონმა და ტოკიომ გააკრიტიკეს ორი ქვეყნის მზარდი სამხედრო თანამშრომლობა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პაქტს „ანაქრონისტული“ უწოდა.