რუსეთმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს, სამიტის წინ „არაკომფორტულ“ მესიჯს გაუგზავნის. მოსკოვი აცხადებს, რომ დასავლეთ საზღვარზე სამხედრო მობილიზაციას გაზრდის.
მოსკოვის რეაქცია შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას მოჰყვა. ბაიდენი ორი ქვეყნის ლიდერების სამიტზე, რომელიც 16 ივნისს ჟენევაშია დაგეგმილი, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
„პრეზიდენტ პუტინს რამდენიმე კვირაში ვხვდები ჟენევაში და ავუხსნი, რომ ჩვენ არ გავდგებით განზე, არ გავდგებით განზე და არ მივცემთ მას ამ უფლებების დარღვევის უფლებას,“ თქვა ბაიდენმა კვირას, 30 მაისს. უმაღლეს დონეზე შეხვედრის ინიციატორი თეთრი სახლი იყო. ბაიდენმა პუტინს სამიტის გამართვის წინადადებით აპრილში მიმართა.
„ამერიკელები უნდა მოელოდნენ, რომ მოსკოვიდან გზავნილები... მათ შორის მომავალ რამდენიმე დღეში, არაკომფორტული იქნება“, - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა, რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
რიაბკოვმა თქვა, რომ რუსეთი მზადაა უპასუხოს ბაიდენის შეკითხვებს ადამიანის უფლებების გარშემო და დასძინა, რომ მოსკოვი უფრო მოქნილი იყო, ვიდრე ვაშინგტონი, როცა საქმე შეხვედრის დღის წესრიგს შეეხებოდა.
დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობები დაძაბულია კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაკავების, უკრაინის საზღვარზე სამხედრო მობილიზაციის და არჩევნებში ჩარევის ბრალდების ფონზე.
თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ორშაბათს თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ნატომ რუსეთის დასავლეთ ნაწილში სამხედრო აქტივობა გააძლიერა და რომ მოსკოვი ამას უპასუხებს.
„დასავლელი კოლეგების ქმედებები მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემას არღვევს და გვაიძულებს ჩვენ შესაბამისი საწინააღმდეგო ზომები მივიღოთ“, - განაცხადა მან. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით ავრცელებს. „წლის ბოლომდე, დასავლეთ სამხედრო რეგიონებში, 20 სამხედრო დანაყოფი და ფორმაცია შედგება“, - თქვა მან.
Facebook Forum