შეერთებულმა შტატებმა რუსეთს აცნობა, რომ ის არ დაბრუნდება „ღია ცის შეთანხმებაში“, რომელიც მხარეებს უფლებას აძლევდა განეხორციელებინათ შეუირაღებელი სადაზვერვო ფრენები ერთმანეთის სამხედრო პუნქტებზე. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა, რუს კოლეგას აღნიშნული 27 მაისს აცნობა.
„შეერთებული შტატები წუხს, რომ „ღია ცის შეთანხმებას“ რუსეთის დარღვევების შედეგად, ძირი გამოეთხარა“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ მათ იციან ვაშინგტონის გადაწყვეტილების შესახებ.
შეთანხმება, გასული წლის ნოემბერში ტრამპის ადმინისტრაციამ დატოვა და მიზეზად რუსეთის მხრიდან დარღვევები დაასახელა. შეთანხმების დატოვების მიზეზი ასევე გახდა საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სადაზვერვო ფრენების შეზღუდვა.
ბაიდენის ადმინისტრაცია შეთანხმებაში დაბრუნებას განიხილავდა, თუმცა 27 მაისის ეს გადაწვეტილება აჩვენებს, რომ ვაშინგტონი არ გეგმავს ამ ნაბიჯის გადადგმას.
„შეთანხმების გადახედვის შემდეგ, შეერთებული შტატები არ გეგმავს ეცადოს მასში დაბრუნებას, რადგან რუსეთი არ ასრულებს პირობებს", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
გასულ წელს, ტრამპის ადმინისტრაციის საპასუხოდ, მოსკოვმა განაცხადა, რომ ისიც გადიოდა შეთანხმებიდან. მაისში, რუსეთის პარლამენტში ხმა მისცეს მის დატოვებას. პარლამენტის ზედა პალატა სავარაუდოდ შეთანხმების დატოვების შესახებ კანონპროექტს ხმას ივნისში მისცემს და შემდეგ მას ხელს ვლადიმირ პუტინი მოაწერს. რუსეთის მიერ შეთანხმების ოფიციალურად დატოვებას 6 თვე დასჭირდება.
ამერიკის მოკავშირეები ევროპაში მხარს უჭერენ შეთანხმების შენარჩუნებას, რომელიც ქვეყნებს საშუალებას აძლევს ერთმანეთის სამხედრო ძალებზე ინფორმაცია შეაგროვონ. რუსეთი შეთანხმებაში დარჩენის სანაცვლოდ, ნატოს წევრებისგან მოითხოვდა, რომ შეგროვებული ინფორმაცია შეერთებული შტატებისთვის არ გაეზიარებინათ, რაზეც ბრისუელის უარი მიიღო.
Facebook Forum