ოთხშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ სამი რუსი მეცნიერი, რომელიც ჰიპერბგერით სარაკეტო ტექნოლოგიაზე მუშაობდა „ძალიან სერიოზული ბრალდებების“ წინაშე დგას. მეცნიერების ღალატის თაობაზე დაწყებული გამოძიება, რუსეთის სამეცნიერო საზოგადოების პროტესტს იწვევს.
კრემლის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ციმბირელი მეცნიერების მიერ ამ ადამიანების დასაცავად გამოქვეყნებული ღია წერილის შესახებ იცის, მაგრამ საქმე უშიშროების სამსახურის კომპეტენციაშია.
ოშაბათს გამოქვეყნებულ წერილში, ანატოლი მასლოვის, ალექსანდრ შიპლიუკის და ვალერი ზვიაგინცევის კოლეგები ირწმუნებიან, რომ ისინი უდანაშაულონი არიან და განაცხადეს, რომ მათი სამართლებრივი დევნა რუსულ მეცნიერებას მძიმე ზიანის მიყენებით ემუქრება.
„ჩვენ ყოველ მათგანს ვიცნობთ როგორც პატრიოტს და წესიერ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია ის ჩაიდინოს, რაზეც საგამოძიებო უწყებები ეჭვობენ, რომ მათ ჩაიდინეს,“ ნათქვამია მათ წერილში.
2012 წელს, მასლოვმა და შიპლიუკმა საფრანგეთის ქალაქ ტურში ჩატარებულ სემინარზე, ჰიპერბგერითი რაკეტის დიზაინზე განხორციელებული ექსპერიმენტის შედეგები წარმოადგინეს. 2016 წელს, სამივე მეცნიერი წიგნის იმ თავის ავტორთა შორის იყო, რომლის სათაურია: „რუსეთში, ITAM-ში (ნოვოსიბირსკის ხრისტიანოვიჩის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტი) ჰიპერბგერითი ხანმოკლე მოწყობილობები აეროდინამიკური კვლევისთვის.“
ღია წერილის ავტორმა მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მეცნიერების მიერ საერთაშორისო ფორუმებზე წარდგენილი მასალები არაერთხელ შემოწმდა იმისთვის, რომ მათში საიდუმლო ინფორმაცია არ ყოფილიყო.
ამ საქმეებმა აჩვენა, რომ „ნებისმიერ სტატია ან ანგარიში, შესაძლოა სახელმწიფო ღალატში ბრალდების მიზეზი გახდეს. ამ ვითარებაში, ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი კოლეგების ბედი გვაშინებს. უბრალოდ არ გვესმის, ჩვენი სამუშაო როგორ უნდა გავაგრძელოთ “ - ნათქვამია ღია წერილში.
მეცნიერებმა თქვეს, რომ ასეთი საქმეები, ახალგაზრდა რუსი მეცნიერების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის შემაკავებელი ფაქტორია.
ღია წერილი ამბობს: „ახლაც კი, საუკეთესო სტუდენტები ჩვენთან სამუშაოდ მოსვლაზე უარს აცხადებენ და ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდა თანამშრომლები მეცნიერებიდან მიდიან. კვლევის ბევრი სფერო, რომელიც მომავლის აეროკოსმოსური ტექნოლოგიის ფუნდამენტური საფუძვლის შესაქმნელად მნიშვნელოვანია, უბრალოდ იხურება, რადგან თანამშრომლებს ასეთ კვლევებში ჩართვის ეშინიათ“.
როდესაც კრემლის პრეს-სპიკერს ღია წერილის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: „ჩვენ ნამდვილად ვნახეთ ეს მომართვა, მაგრამ ამ საკითხზე რუსული სპეციალური სამსახურები მუშაობენ. ისინი თავის საქმეს აკეთებენ. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებებია.“