რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ სირიიდან ჯარების "მნიშვნელოვანი ნაწილის" გამოყვანის განკარგულება გასცა. ის სირიაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა და განცხადება დღეს ლატაკიის რეგიონში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზაზე გააკეთა. პუტინი სირიაში ვიზიტის განმავლობაში ქვეყნის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადსაც შეხვდა.
რუსეთის არმია სირიის კონფლიქტში ოფიციალურად 2015 წელს ჩაერთო და პრეზიდენტ ასადის მხარეს იბრძოდა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, რუსეთის და სირიის ძალებმა დაამარცხეს "საერთაშორისო ტერორისტთა ყველაზე ბრძოლისუნარიანი ჯგუფი". განცხადებაში პუტინი დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოზე" მიანიშნებდა.
სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა პუტინს მადლობა გადაუხადა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის და თქვა, რომ სირიელი ხალხი რუსეთის არმიის მიერ მიღწეულ შედეგებს არასოდეს დაივიწყებს. რუსეთი სირიაში როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო სამხედრო ბაზების დატოვებას გეგმავს.
Facebook Forum