ცეცხლმოკიდებული საბურავები, ამერიკისა და ისრაელის დამწვარი დროშები, ცრემლსადენი გაზი, ქვებით შეიარაღებული ახალგაზრდა დემონსტრანტები - არაბული მედიასაშუალებების მაუწყებლობის დიდი ნაწილი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სწორედ ამერიკის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს დაეთმო.
არაბული ქვეყნების ლიდერების მიერ გაკეთებული ნეგატიური განცხადებები პროტესტით გაგრძელდა, რომლის მასშტაბიც იერუსალიმს გასცდა.
რამდენიმე არაბული მედიასაშუალებით ვრცელდებოდა თურქეთის პრეზიდენტის მოწოდებები და მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს გადაწყვეტილება არაბული სამყაროს რისხვას გამოიწვევდა. მანვე თქვა, რომ „ისლამური კონფერენციის“ ჯგუფს (რომელსაც თავად ხელმძღვანელობს), მოიწვევს და იმსჯელებენ საპასუხო ქმედებებზე.
ერაყის ერთ-ერთმა სამხედრო ლიდერმაც დაგმო ამერიკის ქმედება და სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მზადაა სხვა ერაყელებს შეუერთდეს სირიაში, წავიდეს და ისრაელის საზღვარზე მიიტანოს იერიში.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სირიის სამთავრობო ტელევიზიამაც დაგმო და საუდის არაბეთის წვლილზე ისაუბრა ამ გადაწყვეტილების წაქეზებაში. საუდის არაბეთის მედიამ კი ეს მალევე უარყო და გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ დონალდ ტრამპი საერთაშორისო საზოგადოების სურვილის შესაბამისად მოიქცა.
იორდანიის ტელევიზიის ცნობით, მეფე აბდულამ სატელეფონო საუბრისას გააფრთხილა პრეზიდენტი ტრამპი, არ შეეცვალა იერუსალიმის ოფიციალური სტატუსი, და თუ ამას მაინც გააკეთებდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მიღწეული იქნება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.
მაროკოს მეფე მოჰამედ მეექვსემ, რომელიც "ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის" იერუსალიმის კომიტეტს ხელმძღვანელობს, ასევე დაგმო ეს გადაწყვეტილება. მაროკოს ელჩი "არაბთა ლიგაში" ამბობს, რომ მეფემ გამოხატა მისი და არაბული და ისლამური სამყაროების უკიდურესი შეშფოთება და წუხილი. მაროკოს მეფემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი "სტატუს ქვოს" შენარჩუნების აუცილებლობას.
Facebook Forum