ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა იერუსალიმისთვის – ლოცვების ქალაქისთვის


აქციის პალესტინელი მონაწილე ამერიკის დროშის დაწვას ცდილობს
აქციის პალესტინელი მონაწილე ამერიკის დროშის დაწვას ცდილობს

„ჩვენ ყურადღებით გავეცანით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას იერუსალიმის თაობაზე. ასევე ინფორმაციას, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ფართო საერთაშორისო განხილვა, მათ შორის, გაეროში. საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ–პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს“, ეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარია აშშ–ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ ამერიკა იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს და საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადაიტანს.

ამ განცხადებას მყისიერად მოჰყვა რეაგირება „ჰამასის“ მხრიდან. მისმა ლიდერმა ისმაილ ხანიმ განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილებამ სამშვიდობო პროცესი მოკლა და ბოლო მოუღო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების შესაძლებლობას. „ჰამასის“ ლიდერები ფიქრობენ, რომ გამოსავალი ახალი აჯანყება იქნება, რისკენაც ისინი მოუწოდებენ ადამიანებს ხვალ, პარასკევს, ეგრეთ წოდებულ „მრისხანების დღეზე“.

საქართველოს ირგვლივ დაძაბულობის რკალი იკვრება. ამერიკის და თურქეთის – ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების საგარეო პოზიციები, უფრო და უფრო შორდება ერთმანეთს. კიდევ ერთი ცხელი კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში საქართველოს, საერთაშორისო პოზიციონირების თვალსაზრისით, კარგს არაფერს უქადის.

რა შეიძლება იყოს მოვლენათა განვითარების სცენარი ახლო აღმოსავლეთში და რა გავლენა შეიძლება ჰპოვოს მან ჩვენს ქვეყანაზე? ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი სანიკიძემ ისაუბრა: „ისედაც საკმაოდ გართულებულია ურთიერთობები ორ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – თურქეთსა და აშშ–ს შორის, რაც ჩვენთვის კარგი ნამდვილად არ არის. ხისტსაც ვერ დავარქმევ ისეთი განცხადება გააკეთა დღეს ერდოღანმა ამერიკის მისამართით. ის ტრამპს ადანაშაულებს დაძაბულობის ესკალაციაში. ბოლო პერიოდში პალესტინის პრობლემა მიძინებული იყო. გამომდინარე სირიასა და ერაყში არსებული ვითარებიდან, ის თითქოს, მეორე პლანზე გადავიდა. მაგრამ, გავიხსენოთ ისიც, რომ ყველაზე ხანგრძლივვადიანი პრობლემა, რაც ახლო აღმოსავლეთს აქვს, ეს პალესტინის პრობლემაა.

მეორე მხრივ, დიდი სიახლე აქ არაფერია, უბრალოდ ტრამპის გადაწყვეტილებაა ხისტი. იერუსალიმის დედაქალაქად აღიარების პროცესი დიდი ხანია დაწყებულია. მეტიც, რამდენადაც მე მახსოვს, როდესაც საქართველოს საელჩოს გახსნის შესახებ მიდიოდა მსჯელობა 90–იან წლებში, თავდაპირველად საუბარი იყო იერუსალიმში მის განთავსებაზე, რაც შემდგომ შეიცვალა. პალესტინის პრობლემის ერთ–ერთი მთავარი არსი, რაც საფუძვლად უდევს მათი სახელმწიფოს შექმნისკენ სწრაფვას, ისაა, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი უნდა იყოს პალესტინის დედაქალაქი. ამ ვითარებაში ტრამპის გადაწყვეტილებამ, სათუოა ხელი შეუწყოს პრობლემის მოგვარებას. დღეს ჩანს, რომ ბეთლემში უკვე დაიწყო არეულობა.“

გიორგი სანიკიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ახალი გამოწვევა არაა მდგომარეობა, როდესაც მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის პოზიციები ერთმანეთისგან რადიკალურად დაშორებულია. მსგავს ვითარებაში ფრთხილი და მოზომილი პოლიტიკის წარმოების გამოცდილება არსებობს და მისი მაგალითის მოყვანა ახლო სამეზობლოდანაცაა შესაძლებელი. „ერთმანეთთან დაპირისპირებულ ქვეყნებთან, მხარეებთან, საქართველოს საკმაოდ ნორმალური, ხშირ შემთხვევაში, მეგობრული ურთიერთობებიც კი აქვს. საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, საკუთარ თავს ისეთი ფუფუნების უფლება მისცეს, რომ რეგიონში ვინმეს დაუპირისპირდეს. ალბათ, ძალიან ფრთხილი და მოზომილი პოლიტიკის წარმოება მართებს ჩვენს ხელისუფლებას კონკრეტულად იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით“,– აცხადებს გიორგი სანიკიძე.

ყოფილი ჩინოსნები, ვისაც საგარეო საქმეთა ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ, საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებას არ ჩქარობენ. მხოლოდ პირად საუბარში აღნიშნავენ იმას, რომ აშშ და მისი პრეზიდენტი ამგვარი ფორმით ცდილობენ ჩიხში შესული და ფორმალობად ქცეული სამშვიდობო პროცესების დაძვრას ახლო აღმოსავლეთში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კიდევ ერთი ჩვენი მეზობლისთვის, რუსეთისთვის აშშ–ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და იქ საელჩოს გადატანის შესახებ, აღმაშფოთებელია. ამის შესახებ ოფიციალური წყაროები იტყობინებიან.

ბოლო ცნობებით, აღმოსავლეთ იერუსალიმში ვითარება დაიძაბა. მოხდა შეტაკებები პოლიციასა და პალესტინელებს შორის, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენების აუცილებლობა შეიქმნა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ არ აპირებენ აღმოსავლეთ იერუსალიმის ისრაელისთვის დათმობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG