ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ: „თითოეული ჩვენგანი მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე იმყოფება“


ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირიკაშვილს Beit Aghion-ის რეზიდენციაში უმასპინძლა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირიკაშვილს Beit Aghion-ის რეზიდენციაში უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიჰუსთან შეხვედრით დაიწყო დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, გიორგი კვირიკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ისრაელში. ნეთანიაჰუმ ქართველ კოლეგას იერუსალიმში, Beit Aghion-ის რეზიდენციაში უმასპინძლა.

მსოფლიო პოლიტიკის ვარსკვლავმა, რომელიც საერთო ჯამში, 11 წელია რაც ისრაელის პრემიერია, თავის მიმართვაში, საქართველოსა და ისრაელის ხალხების 2600 წლოვან მეგობრობას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი; გაიხსენა 1999 წლის მარტში, საქართველოში სტუმრობა და აღნიშნა, რომ ქართველების „ნიჭით, მეგობრული განწყობით, ისრაელის მოქალაქეთა მიმართ განსაკუთრებული სითბოთი გაოცებული“ დარჩა.

67 წლის ნეთანიაჰუმ კვირიკაშვილთან შეხვედრისას თქვა, რომ „ჩვენ ვართ მცირე ქვეყნები დიდი მომავლით, ორ სახელმწიფოს „ბუნებრივი, ადამიანური ურთიერთსიმპათიაც აკავშირებთ, რაც როგორც ისრაელში მცხოვრებ ქართველთა წვლილით, ისე საერთო სიმპათიებითა და ერთმანეთის კულტურის ღრმა პატივისცემით არის განპირობებული“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ რეგიონალური უსაფრთხოების თემასაც შეეხო. ისრაელის პრემიერის აზრით, როგორც ისრაელის, ისე საქართველოსთვის, სირიაში მიმდინარე ომი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს:

თითოეული ჩვენგანი მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე იმყოფება - აქ წარმოდგენილი ორივე მხარე ერთნაირადაა შეშფოთებული სირიაში მიმდინარე მოვლენების გარეგანი ეფექტებით, რამაც სხვა, კონფლიქტში ნაკლებად ჩართულ ქვეყნებზეც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს"
ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი

„თითოეული ჩვენგანი მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე იმყოფება - აქ წარმოდგენილი ორივე მხარე ერთნაირადაა შეშფოთებული სირიაში მიმდინარე მოვლენების გარეგანი ეფექტებით, რამაც სხვა, კონფლიქტში ნაკლებად ჩართულ ქვეყნებზეც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს. ისლამური ტერორის დასამარცხებლად თანამშრომლობა გვმართებს.“

პრემიერი კვირიკაშვილი საპასუხო ვიზიტით სტუმრობს ისრაელს. შვიდი თვის წინ, 2017 წლის იანვარში, თბილისს, პირველი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი ეწვია. ორივე ვიზიტი სიმბოლურად ორ ქვეყანას შორის, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს ეძღვნება. იერუსალიმმა და თბილისმა დიპურთიერთობა 1992 წლის 1 ივნისს გააფორმეს.

საქართველოს პრემიერის ვიზიტის განრიგი აღთქმულ მიწაზე ტრადიციულია: კვირიკაშვილმა მოინახულა და გვირგვინით შეამკო იად ვაშემი - ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მუზეუმი და „ერების ხეივანში“ საგარეო საქმეთა მინისტრ ჯანელიძესთან ერთად, ორი ქვეყნის მეგობრობის ნიშნად ხე დარგო.

ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იერუსალიმთან ეკონომიკურ თანამშრომლობას. პირდაპირი ინვესტიციები ისრაელიდან, 2016 წელს (5 მლნ), წინა, 2015 წელთან შედარებით (18,7 მლნ), 13,7 მლნ დოლარით შემცირდა, სახარბიელო მდგომარეობა არც 2017 წლის პირველ კვარტალშია.

2017 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, ისრაელში ქართული ექსპორტის მოცულობამ 8 მლნ-ს მიაღწია, იმპორტი ისრაელიდან კი 10,5 მლნ-მდე დაეცა. ამის მიუხედავად პრემიერმა კვირიკაშვილმა ბრძანა, რომ ისრაელთან ურთიერთობა დინამიურად ვითარდება:

დავპატიჟე პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ საქართველოში და მან მიიღო ეს მოწვევა. ჩვენ ალბათ უნდა ველოდოთ მის ვიზიტს, რომელსაც სავარაუდოდ მოყვება ბევრი ბიზნესმენის ვიზიტი და ვფიქრობთ, რომ ისრაელის მხრიდან ინვესტიციები საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი"
გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

„ნეთანიაჰუსთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი და დავგეგმეთ მომავალ რამდენიმე თვეში ძალიან ინტენსიური ვიზიტები სამინისტროებს შორის.

ვფიქრობთ, ისრაელის მაღალი ტექნოლოგიები არის ძალიან საჭირო საქართველოსთვის. ასევე, ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა შესაძლოა, გამოდგეს ძალიან მნიშვნელოვანი.

დავპატიჟე პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ საქართველოში და მან მიიღო ეს მოწვევა. ჩვენ ალბათ უნდა ველოდოთ მის ვიზიტს, რომელსაც სავარაუდოდ მოყვება ბევრი ბიზნესმენის ვიზიტი და ვფიქრობთ, რომ ისრაელის მხრიდან ინვესტიციები საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი“.

დღის ბოლოს პრემიერმა კვირიკაშვილმა იერუსალიმის ჯვრის მონატერი მოილოცა და პირისპირ შეხვდა უძველესი ავტოკეფალური, იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს - თეოფილოს მესამეს. პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა პრემიერი ოქროს ჯვრით, გვირგვინითა და ვარსკვლავით დააჯილდოვა.

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს მესამემ კვირიკაშვილი დააჯილდოვა
იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს მესამემ კვირიკაშვილი დააჯილდოვა

განიხილება თუ არა ვიზიტის დროს, ისრაელში არალელურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხი, რომელიც იერუსალიმს ძალიან აღელვებს უცნობია. ფაქტია, რომ კვირიკაშვილის ვიზიტს დაემთხვა ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურის ოფიციალური განცხადება.

ისრაელის სახელმწიფო უწყება მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ქართველ არალეგალებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების სურვილს თავად გამოთქვამენ, მგზავრობის ხარჯებს აუნაზღაურებს და მათ მხოლოდ "ერთი წლის ვადით შეუზღუდავს ისრაელში შესვლის უფლებას".

ისრაელის მედიის ცნობით, ქვეყანაში საქართველოდან ტურისტული ვიზით შესული 30 000-მდე არალეგალი იმყოფება. ბოლო 4 წლის მანძილზე კი საქართველოს 5759-მა მოქალაქემ ისრაელში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი 25 ივლისს დასრულდება, მანამდე პრემიერი ისრაელის პრეზიდენტ რივლინს, ქსენეთის თავმჯდომარე ედელშტეინს და ოპოზიციის ლიდერ ჰერცოგს შეხვდება.

XS
SM
MD
LG